პოსტტრავმატული სტრესის აშლილობა (posttraumatic stress disorder _ PTSD) - ეს არის შფოთვითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება ტრავმატული მოვლენის განმეორებადი მდგრადი განცდებით, თანმხლები დისტრესის გამომწვევი მოგონებებით, სიზმრებით, ჰალუცინაციებითა და დისოციაციური ხატებით, ანუ ე.წ. ფლეშბექებით. ინდივიდებს PTSD შეიძლება განუვითარდეთ გაუპატიურებაზე, სიცოცხლისათვის საფრთხის მომტან ცხოვრებისეულ მოვლენებზე, ან ძლიერ დაზიანებაზე, ტრავმაზე, ანდა სტიქიურ უბედურებაზე რეაქციის სახით (Davidson et al., 1991;Kairbank et al., 1993; Foa & Riggs, 1995; Green, 1994).
ადამიანებს PTSD შეიძლება განუვითარდეთ, როდესაც თავად არიან ტრავმის მსხვერპლნი, ან როდესაც ხდებიან მსხვერპლის მოწმენი. არსებობს ალბათობა იმისა, რომ PTSD -ის მქონე ადამიანებს ამავდროულად სხვა ფსიქოპათოლოგიებიც აღენიშნებოდეთ, როგორიცაა კლინიკური დეპრესია, ნივთიერებების ბოროტად გამოყენების პრობლემები და სექსუალური დისფუნქციები. კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელ მოზრდილთა დაახლოებით 8% ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც ავადდება PTSD -ით (DSM-IV-TR, 2000).
მთლიანობაში მთელი მოსახლეობის დაახლოებით სამი მეოთხედი განიცდის მოვლენას, რომელიც შეიძლება ტრავმატულად მივიჩნიოთ, როგორიცაა: სერიოზული უბედური შემთხვევა, სტიქიური უბედურება ან ფიზიკური ძალადობა (Green, 1994). კოლეჯის სტუდენტთა შერჩევის 84%-მა აღნიშნა, რომ გამოცდილებაში ჰქონდათ, სულ მცირე, ერთი ტრავმატული მოვლენა; დაახლოებით ერთმა მესამედმა კი _ ოთხი და მეტი ასეთი ცალკეული მოვლენა დაასახელა (Vrana & Lauterbach, 1994).
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები და ქალები თანაბარი სიხშირით განიცდიან ტრავმატულ მოვლენებს, ქალებში ორჯერ მეტია PTSD -ის განვითარების ალბათობა, ვიდრე მამაკაცებში (Breslau et al., 1997). მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებთან განსაკუთრებით დიდია ალბათობა იმისა, რომ ბავშვობაში მიღებული ტრავმის შედეგად განვითარდეს PTSD. მკვლევრები ჯერ კიდევ ცდილობენ ამ სქესობრივი განსხვავების გაგებას. პოსტტრავმატული სტრესის აშლილობა ძალიან არღვევს ინდივიდის ცხოვრებას. როგორ უმკლავდებიან მკვლევრები PTSD -ისა და სხვა შფოთვითი აშლილობების წყაროების აღმოჩენის რთულ ამოცანას?წყაროების, მიზეზების გაგება ფსიქოლოგიური დისტრესის შემსუბუქების იმედს იძლევა.
|