ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სასწავლო დაწესებულების მართვა დიდ წილად განაპირობებს მის წარმატებას. მართვის სადავეები კი ხელმძღვანელის ხელთაა და იმაზე თუ, რამდენად გამართულად შესძლებს ის თავისი ფუნქციის შესრულებას, დამოკიდებულია პედაგოგიური და მოსწავლეთა კოლექტივების ცხოვრება, სასწავლო დაწესებულების განვითარების პერსპექტივები. ამ სტატიაში შევეხებით პედაგოგიური საზოგადოების მიერ მოწოდებულ მართვის ზოგიერთ პრობლემატიკას. მართვის სტილი: - ერთპიროვნული; - ამორფული; - გუნდური. ნებისმიერი ხელმძღვანელის საქმიანობას განსაზღვრავენ მისი თანამდებობრივი ფუნქციები, რომლებიც შედგებიან - ორგანიზაციული, შუამავლობითი და მხარდაჭერითი ფუნქციებისაგან. ეს პუბლიკაცია მიზნად არ ისახავს ჩამოთვლილი ფუნქციების დეტალურ განხილვას, ვინაიდან ხელმძღვანელები ყოველდღიურ შეხებაში არიან მათთან. თავი, რომ დავანებოთ მაღალ მატერიებს და ზოგად თეორიებს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ რჩება ის, თუ რომელ სტილს ირჩევს ან იყენებს სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი თავისი ფუნქციების შესასრულებლად. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ სასწავლო დაწესებულების მართვაში დღეს ვლინდება ჩამოთვლილი სამივე სტილი: ერთპიროვნული (ხშირად ავტორიტარულისაკენ გადახრილი), ამორფული (ზოგჯერ უნიათობამდე მისული) და გუნდური (ანუ კოლექტიური და კოლეგიალური). ამ სახის მიდგომები არ წარმოადგენენ სიახლეს, ისინი ახლო წარსულშიც ახასიათებდნენ სასწავლო დაწესებულების მართვის სტილს. ოპონენტები შესაძლებელია შეგვეპასუხებიან, რომ მეურვეთა საბჭოების ზედამხედველობისა და საზოგადოების სხვა ფორმებით აქტიური ჩართვის პირობებში შეუძლებელი გახდა ერთპიროვნული ან ამორფული მართვის არსებობა. პედაგოგთა, მშობელთა და მოსწავლეთა დაკვირვება საპირისპიროდ ცხადყოფს, რომ ასეთი მიდგომები არც თუ იშვიათია დღევანდლობაშიც და ყველაფერი დამოკიდებულია ხელმძღვანელის ტიპზე, მის პიროვნულ თვისებებზე (იხილეთ ადმინისტრატორების ტიპები). გარდა ამისა მართვის სტილის არჩევანს განაპირობებს სასწავლო დაწესებულების გარე და შიდა გარემო და ვითარებაც.
შემდეგ წაიკითხეთ: მართვის ერთპიროვნული სტილი
|