ახალბედა, პირველკურსელი - ჯერ ბოლომდე ვერ გაერკვა სად რა არის და რა ხდება. ამის გამო - მფრთხალია. ახალ, დაუჭმუჭნავ სტუდენტურ ბარათს ექცევა მრთოლვარებით, უყურებს დაუფარავი აღტაცებით. ჩათვლის წიგნაკის გადაშლა მისთვის ყოველდღიური პროცედურების ტოლფასია. ლექციებზე მოდის 20-25 წუთით ადრე, მაგრამ მაინც ერევა ჩატარების დრო და აუდიტორია, ამიტომ მაინც იგვიანებს. მისთვის ბოლომდე აუხსნელი სიტყვის ”სესია” გაგონებისას განიცდის ცხოველურ შიშს. ძილი ნერვიული და ჩაუღრმავებელი აქვს. ბოლომდე ჯერ ვერ დაადგინა თუ სად და რა შეიძლება შეჭამოს, რომ მოშივდეს ლექციების დროს, ისე, რომ ”არ გაკოტრდეს”. მეტყველება მკაფიო და გასაგები აქვს. არსებობის გარემო - სტუდენტური ბიბლიოთეკა ან სტუდენტური კვების ობიექტი. არსებობის მიზანი - უკლებლივ მოიძიოს ყველა სახელმძღვანელოები, რომელებიც ჩაიწერა პირველ ლექციაზე.
მეორე კურსელი - უკვე გათავხედებულია, კონტაქტებსა და ურთიერთობებს ამყარებს ანგარებით, ყველა დაჯგუფებას უარყოფს, ამასთან ურთიერთობების წრეს უმეტესწილად ირჩევს სპონტანურად. სტუდენტურ ბილეთს ძირითადად იყენებს ტრანსპორტით სარგებლობის შესაძლო შეღავათის საშუალებად. ნათლად აქვს წარმოდგენილი ლექციების ცხრილი, ამის მიუხედავად მაინც იგვიანებს, დასასწრებად ლექციებს ირჩევს შემთხვევითობის პრინციპით. ძილი - ღრმა და მშვიდი, ფერადი სიზმრებით აღსავსე აქვს. მისი მეტყველება აღქმისათვის რთული ხდება. სესიას უშიშარად ჯერ ვერ უყურებს, მაგრამ საკუთარ თავზე მეტად ამ სიტყვით პირველკურსელებს აშინებს. არსებობის არე - კაფე ან სხვა ამგვარი კვების ობიექტი. არსებობის მიზანი - საკურსო ან ლაბორატორიული ნამუშევრების უშრომველად ხელში ჩაგდება, შესაძლოა მათი უფროსკურსელებში მოძიებაც.
მესამე კურსელი - მუდმივად ღრმად ჩაფიქრებულია, კომპიუტერთან განუწყვეტელი და ხშირად უაზრო ურთიერთობების გამო. თუ რამეზე ვერ პოულობს პასუხს ან რთულ და სახიფათო სიტუაციაში, მაუსის ღილაკის ძებნაში ნერვიულად აკანკალებს ხელის სალოკ თითს. სტუდენტურ ბარათს უფრო ხშირად კარგავს, ვიდრე პოულობს. სასწავლებელში დადის რეგულარულად, მეტ წილად სტიპენდიის მიღების იმედით. ძილი ღრმა აქვს, მაგრამ ნაკლებად სძინავს, ვინაიდან გაუთავებლად იქექება კომპიუტერში და ხშირად მის მიდამოებში იძინებს. მეტყველება სწრაფი და გაუგებარი აქვს, უმეტესწილად აგებულია კომპიუტერულ ტერმინოლოგიასა ან ჟარგონზე. შიში სესიის მიმართ - ატროფირებულია. სესიის პერიოდში დეკანატის ხშირი სტუმარია, სადაც გამუდმებით იყენებს თავის მართლების და შეღავათებზე გაანგარიშებულ წუწუნს. არსებობის არე - კომპიუტერის ან ლუდის მიდამოებია. არსებობის მიზანი - მოძებნოს ბიბლიოთეკიდან ან თანაკურსელისგან წლების წინ წაღებული წიგნები, რათა ბოლოს და ბოლოს მიაბაროს პატრონს, რომ არ აწუხებდნენ წამდაუწუმ.
დამამთავრებელკურსელი - ლექციებზე ხვდება იშვიათად და შემთხვევით. შეკითხვამ, რა ლექცია აქვს დღეს და სად ტარდება ის შეიძლება ჩააყენოს ”გამოუსვლელ” ჩიხში. შეკითხვაზე სადაა მისი დაფლეთილი სტუდ ბარათი გპასუხობს: ”არ ვიცი, არ შემხვედრია ან არ მიჭამია”. ძილი ღრმა აქვს, ზოგჯერ ხვრინავს კიდევაც, რაც ძალიან სწყინთ ლექტორებს, ხელი თუ ეშლებათ ლექციის ჩატარებაში. ძილქუშიდან პანიკური შიშით გამოდის დიპლომის დაცვამდე 1-3 თვით ადრე, ხოლო დაცვის შემდეგ ვარდება ლეტარგიულ ძილში. მეტყველება - სრულყოფილად ფლობს პროგრამირების რამდენიმე ენას, მაგრამ მშობლიური შეიძლება სრულიად ჰქონდეს დავიწყებული. არსებობის არე - აბსოლუტურად განუსაზღვრელი სივრცე. არსებობის მიზანი - როგორ შეძლოს ნაკლები შეწუხებით გადაახტეს დიპლომის დაცვის ბარიერს.
P.S. ვფიქრობთ, რომ არავის ეწყინა, ვინაიდან ეს კლასიფიკაცია საკუთარ თავზე ხუმრობის მოყვარულების მიერ არის შედგენილი. |