დედამიწაზე თურმე ძუძუმწოვარ ცხოველთა და ფრინველთა სახეობათა რაოდენობაზე მეტი ფუტკრის სახეობა არსებობს - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბუნების ისტორიის ამერიკული მუზეუმის სპეციალისტი ჯონ აშერი (John Ascher ) და მისი კოლეგები, რომლებმაც ჩაატარეს დღეისათვის ცნობილ სახეობათა აღწერა. მათი მონაცემებით მსოფლიოში 19.200 - ზე მეტი სახეობის ფუტკარი ბინადრობს.
სრულ სიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: http://www.discoverlife.org/mp/20q?guide=Apoidea_species
ფუტკრის სახეობათა სია ბუნების ისტორიის მუზეუმმა შეადგინა მონაცემთა ბაზის ფორმირების პროექტის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. პროექტის ძირითად მიზანს გეოგრაფიული მდებარეობის აღწერა (გეოგრაფიული ლოკალიზაცია) და მცენარეთა მიმართ საზოგადოდ ცნობილი ფუტკრის სახეობების "უპირატესობის" გამოვლენა წარმოადგენდა.
აღწერით დადგინდა, რომ ფუტკრის სახეობათა უმეტესი ნაწილი განცალკევებული ან პრიმიტიული საზოგადოების ცხოვრების წესს მისდევს. მრავალი სახეობა სხვა ორგანიზმებზე პარაზიტირებას ეწევა. ამ სახეობების ფუტკარი არ აწარმოებს თაფლს, მაგრამ ასრულებს მცენარეთა დამტვერიანების ძალზე მნიშვნელოვან პროცესს.
თაფლს ამზადებს სახეობათა შედარებით მცირე რიცხვი, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი თაფლმგროვი სახეობის ფუტკარი - Apis mellifera. საინტერესოა, რომ ამ სახეობათა თითქმის სრული ჩამონათვალი წარმოდგენილია ტროპიკული ქვეყნების ტერიტორიაზე. არანაკლებ საინტერესო და საოცარია, რომ ტროპიკულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ამ სახეობების ფუტკარს არ გააჩნია ნესტარი.
სხვა და სხვა ქვეყნების მეცნიერთა კვლევების შედეგად ფუტკრის სამყაროში ბოლო დროს გამოიკვეთა საკმაოდ საგანგაშო პროცესები. უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში თაფლმგროვ ფუტკრებს შორის გამოვლინდა ე.წ. "კოლონიების ნგრევის სინდრომი". ეს სინდრომი ვლინდება იმაში, რომ ფუტკრები მასიურად სტოვებენ მშობლიურ სკებს და საკუთარ შთამომავლობას, საფუტკრეების მიდამოებში მეფუტკრეები ვერ პოულობენ ვერც გაქცეულ ოჯახებს და ვერც დაღუპულ ფუტკარს.
მეცნიერებმა „კოლონიებს ნგრევის სინდრომი“ მასიურად უკვე აღნიშნეს ა.შ.შ. - ში, გერმანიაში, შვეიცარიაში და საბერძნეთშიც. ზოგიერთი მონაცემებით, მაგალითად, ა.შ.შ. - ში „კოლონიების ნგრევის სინდრომის“ შედეგად ფუტკრის რიცხოვნობა შემცირდა 25 პროცენტით.
მთელს მსოფლიოში ამ პროცესს ემატება დაავადებათა გავრცელება, რომელსაც მოჰყვება ფუტკრის დიდი რაოდენობით დაღუპვა.
ადამიანების ნაწილისთვის ფუტკარი პირველ რიგში მხოლოდ თაფლთან ასოცირდება. რა თქმა უნდა თაფლი - საჭირო და სასარგებლო პროდუქტია, მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებიც აქტიურად გამოიყენება ფარმაციაში და კოსმეტოლოგიაში, მაგრამ ფუტკარი - მხოლოდ თაფლის და ამ პროდუქტების მომტანი მწერი არ არის. მას მცენარეთა დამტვერიანებაში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების პროცესში. ფუტკარს უდიდესი დანიშნულება გააჩნია ბუნების ჯანსაღ განვითარებაში.
არა ერთხელ აღინიშნა (მ.შ.საერთაშორისო დონეზეც), რომ ქართული რუხი ფუტკარი უნიკალური მახასიათებლების მქონეა. გარდა იმისა რომ ქართული ფუტკარი გამოირჩევა ფერით, მას ახასიათებს ყველაზე გრძელი ხორთუმი (7,2მმ), რომლის საშუალებითაც ღრმა სანექტრეებიდანაც შეუძლია მოიპოვოს ნექტარი. რუხ ფუტკარს ახასიათებს ჭარბი ბუსუსიანობა, რაც შესაძლებლობას აძლევს მას შეაგროვოს მეტი რაოდენობის ყვავილის მტვერი. ამასთან ქართული ფუტკარი არააგრესიულია, ამ უნიკალურობის გამო მას მოფრთხილება ესაჭიროება და შენარჩუნება-გამრავლებაზე ზრუნვა სახელმწიფოებრივ საქმედ უნდა იქცეს.
სამწუხაროდ ვერ ვამჩნევთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები, სპეციალიზებული სამეცნიერო დაწესებულებები (თუ შეგვრჩა ასეთი?) ან მრავალრიცხოვანი (საკმაოდ დაფინანსებული) ბუნების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციები იჩენდნენ მცირე დაინტერესებასაც კი ამ პრობლემის მიმართ. რეალურად არც ვიცით რა ვითარება ყალიბდება ამ მხრივ საქართველოში? სამწუხაროდ არავინ იცლის ამისთვის. იმავდროულად უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ ფუტკრის პრობლემები - მრავალი მძიმე ეკოლოგიური პრობლემის შედეგია, ხოლო მისი გადაშენება შესაძლოა არანაკლები მნიშვნელობის და სიმძიმის პრობლემების წარმოშობის მიზეზი გახდეს. დავუფიქრდეთ ამას!
დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რთული პრობლემის სრული გათვითცნობიერების გზა განათლებაზე გადის, ამიტომ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს მეფუტკრე-ფერმერების გაერთიანებისა და პროფესიული განათლების ფონდის წამოწყებას სპეციალიზებული სასწავლო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მეფუტკრეობის თაობაზე ცოდნის გავრცელებას, მეფუტკრეობის მიმართ თანამედროვე ხედვის ჩამოყალიბებას და პროფესიონალი მეფუტკრეების მომზადებას. ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეთა მიერ აქ მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების გადაწყვეტას. |