ქრისტიანულ სამყაროში ქრისტესშობა უდიდეს დღესასწაულად ითვლება. შობის აღნიშვნა ბეთლემში, ქრისტესშობის ტაძარში, მზის ჩასვლამდე იწყება. ტრადიციულად ორკესტრები შემოუვლიან ხოლმე მრავალ კვარტალს. შემდეგ, მღვდელმსახურები ტაძარში იწყებენ წირვას სხვა და სხვა ენაზე. ტაძრის გარშემო იკრიბება უამრავი ადამიანი. ევროპის ქვეყნებში ქრისტესშობის აღნიშვნის საკუთარი, ხშირ შემთხვევაში განსხვავებული, ტრადიციებია დამკვიდრებული.
გერმანიაში უძველესი ტრადიციის შესაბამისად მეთერთმეტე თვის, თერთმეტი რიცხვის, თერთმეტ საათსა და თერთმეტ წუთზე იწყება საშობაო ზეიმების პერიოდი - Adventszeit. გერმანელები მას ”წელიწადის მეხუთე დრო”- ს უწოდებენ. ლათინური სიტყვა «adventus» მოსვლას ნიშნავს, ანუ შობის დღეს, ქრისტეს მოსვლის მოლოდინს გულისხმობს. ადვენტის პირველ დღეს მშობლები შვილებს ადვენტის კალენდარს (Adventskalender) ჩუქნიან. ეს კალენდრები ქრისტესშობამდე დარჩენილი დღეების კლების პრინციპითაა შედგენილი. ყოველდღე ბავშვს შეუძლია გადაშალოს კალენდრის მორიგი ფურცელი და საჩუქრად, მაგალითად, კამფეტი მიიღოს. საშობაო სადღესასწაულო დღეებში, მთელი გერმანია ზღაპრულ, მრავალფეროვანი ფეერიული განათებებით მორთულ ქვეყანას წარმოადგენს, ხეები და შენობების ფასადები ცეცხლოვანი გირლანდებითაა განათებული, ხოლო ყველა სახლი - დახვეწილადაა მორთული. «Weihnachten» (ანუ შობა) უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია გერმანიაში. ქალაქების ძველ მოედნებზე ულამაზესი, გრანდიოზული ბაზრობები იმართება, სადაც ათასობით ადამიანი იკრიბება. აქ სეირნობენ, ერთობიან, იძენენ საშობაო საჩუქრებს. ნიურნბერგში 1626 წლიდან ტარდება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშობაო ბაზრობა. მრავალი საუკუნეა საშობაო ბაზრობას საზეიმოდ ხსნის ოქროსფერ ფრთიანი ანგელოზი. ტრადიციულად მის როლს 16-19 წლის ასაკის ადგილობრივი მაცხოვრებელი გოგონა ასრულებს, რომლის სიმაღლე არ უნდა იყოს 160 სანტიმეტრზე ნაკლები. ნიურბერგის ბაზრობაზე ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან 2 მილიონი ადამიანი ჩამოდის. აქ იყიდება ცნობილი თაფლაკვერი, რომელსაც მრავალი ინგრედიენტით - ნიგვზით, შოკოლადით, თაფლითა და სპეციებით, პრაქტიკულად ფქვილის გარეშე ამზადებენ. აგრეთვე ნიურბერგში დღემდე შემორჩა უძველესი ტრადიცია: თუ ადამიანი ქალაქის ცენტრში განლაგებულ შადრევანზე დაატრიალებს ოქროსფერ წრეს და ჩაიფიქრებს ოცნებას, მისი ჩანაფიქრი აუცილებლად აღსრულდება. ბავარიაში , მაგალითად, საუკუნის განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, საშობაო დღესასწაულის დღეებში ქუჩებში ეწყობა მრავალსახოვანი, გრანდიოზული სამასკარადო პროცესიები.
საშობაო დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა - Heilige Abend. დილას სახლებში იდგმება ნაძვის ხე, რომელიც ტრადიციის შესაბამისად უნდა მოირთოს ხისგან დამზადებული სათამაშოებით, სანთლებითა და მინის ბურთულებით. ეკლესიიდან დაბრუნებისთანავე ბავშვები სირბილით მივარდებიან ხოლმე ნაძვის ხეს, მოძებნიან საჩუქრებს, სასწრაფოდ ხსნიან მათ ლამაზ შეფუთვასა და ყველას უზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს. ამის შემდეგ ოჯახი უსხდება სუფრას. საშობაო სუფრის ტრადიციული კერძებია: ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული თევზი ( ტრადიციულად - კობრი) სპეციალური სოუსით, კართოფილი კარაქით, დაბრაწული ვაშლი ვანილის სოუსით. მაგიდაზე ტრადიციულად დგამენ ვაშლით, კაკლით, ჩამიჩით სავსე ფერად ლანგარს. ითვლება, რომ როდესაც ადამიანი ვაშლს მოკბეჩს ის ბოროტებასა და სიკეთეს შეიგრძნობს, ხოლო თუ მოერევა კაკლის ნაჭუჭს და მიირთმევს კაკლის გულს - მას ეცოდინება რას ნიშნავს წინააღმდეგობის გადალახვა და წარმატების მიღწევა. 25 დეკემბერს ქრისტესშობის დღესასწაულის აღნიშვნა მშობლების (ან ბაბუა - ბებიის) სახლში გრძელდება. დღისით ახლობლები ერთად სეირნობენ. სადილზე, როგორც წესია, მიირთმევენ შემწვარ ბატს (ზოგ მიწებში ღორის ხორცს მოშუშული კომბოსტოს გარნირით), საღამოს - ჩაისა და ტრადიციულ საშობაო ნამცხვარს (der Lebekuchen). ნათესავები ერთმანეთს ჩუქნიან საშობაო საჩუქრებს. ამ რიტუალს გერმანელები «Bescherung» - ს უწოდებენ. გარდა ამისა საშობაო პერიოდში გერმანელები სამი მეფის (ანუ მოგვების) დღესაც აღნიშნავენ. უძველესი დროდან არსებობს ტრადიციული თქმულება, ნიშანი: თუ ამ დღესასწაულის წინა საღამო მშვიდი და ნათელი იქნება - შემდგომ წელს ბევრ ღვინოს დაამზადებენ, თუ მთვარე მზარდია - ფასებიც მოიმატებენ, ხოლო თუ ნაკლულია - ყველაფერი გაიაფდება.
ინგლისში ქრისტესშობა აგრეთვე უდიდეს დღესასწაულად ითვლება. ინგლისისა და უელსის მკვიდრი მოსახლეობა (შოტლანდიელებისგან განსხვავებით) შობას უფრო მნიშვნელოვან დღესასწაულად მიიჩნევენ ვიდრე ახალ წელს. ამ ქვეყანაში შობა - ტრადიციული ოჯახური დღესასწაულია. ამ დღეს ყველანი იკრიბებიან მშობლების სახლში. როგორც წესი, სახლი მორთულია ბაძგისა (ჭყორის) მეშვეობით (რომელსაცშეძლებულობის სიმბოლოდ მიიჩნევენ) და ფითრის ტოტებით (რაც გულისხმობს სტუმართმოყვარეობასა და ნაყოფიერება-მოსავლიანობას). დღესასწაულზე შეკრებილნი ერთმანეთს გადასცემენ საჩუქრებს, მიირთმევენ საჭმელსა და სასმელს და ათვალიერებენ ოჯახურ ფოტო ალბომებს. ინგლისურ საშობაო სუფრას ტრადიციულად ამშვენებს სადღესასწაულო ღვეზელი. უძველესი ჩვეულებისამებრ ამ ნამცხვრის გულში დებენ სხვა და სხვა წვრილ საგანს, ვისაც შეხვდება ნაჭერში, მას უწინასწარმეტყველებს მომავალი წლის ბედ-იღბალს. ინგლისელებს სჯერათ, რომ ბეჭედი ნიშნავს ახლო დაქორწინებას, მონეტა - მომავალ გამდიდრებას, ხოლო ნალი - მომდევნო წელში წარმატებას. გარდა ამისა, ჩვეულების შესაბამისად, ჭაბუკმა და ქალიშვილმა, რომლებიც აღმოჩნდებიან ფითრის ტოტის ქვეშ, უნდა აკოცონ ერთმანეთს. საშობაო სუფრის ტრადიციული კერძია ინდაური სურტკმლის სოუსით და პუდინგი, ხოლო სასმლებიდან ამ დღეს მიირთმევენ მხოლოდ ჩაის ან ბრენდის.
საფრანგეთის ნაწილში საშობაო დღესასწაულის პერიოდი 6 დეკემბერს, წმინდა ნიკოლასის დღეს იწყება. XII საუკუნეში საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც შობის წინა დღეებში მთელი ოჯახი სახლის ეზოში ალუბლის ხის ნედლი მასალიდან საშობაო ნაპობს - ”ბუშ დე ნოელ”( Buche de Noel) - ს ამზადებს. გარკვეული ცერემონიებით დამზადებულ ნაპობს შეაბრძანებდნენ სახლში. ოჯახის მამამთავარი მას ზეთსა და თბილ ღვინოს ასხავს. გოგონები კი წინა წლის ნაპობისგან დარჩენილი ნაფოტების მეშვეობით ცეცხლს უკიდებდნენ. თქმულების მიხედვით წინა წელს დამწვარი ნაპობის ნაცარი და ნაფოტები წლის განმავლობაში ოჯახს ეშმაკისგან, მეხის დაცემისგან და სხვა უბედურებისგან იცავენ, ამიტომ მათ აგროვებდნენ და სათუთად ინახავდნენ. ამ რიტუალში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაპობის დაწვის ყველა მონაწილეს სუფთა ხელები უნდა ჰქონოდეს. ნელ-ნელა Buche de Noel - ის ტრადიცია კარგავს ძალას. დღეს ფრანგების უმეტესობა მხოლოდ სუფრის მოსართავად იყენებს მის პატარა მაკეტს ან საშობაო ნაპობის მსგავსად აფორმებს ზოგიერთ კერძს, შაქრისგან დამზადებული ფიგურებითა და ფოთლებით ამშვენებენ შოკოლადის რულეტს. მაგიდის მოსართავ ელემენტს აგრეთვე კრეში (creche) - საშობაო ბაგა წარმოადგენს, ანუ მაკეტი, რომელიც ასახავს ქრისტესშობის ბიბლიურ სცენას. მის გარშემო აწყობდნენ წმინდანების მცირე ზომის ფიგურებს - სანტონს (santons). შემორჩენილი ტრადიციით დღესაც ამ ფიგურებს მარსელის და ეკსეს საშობაო ბაზრობებზე ყიდულობენ. საშობაო ნაძვის ხე საფრანგეთში არასდროს არ ყოფილა დიდად პოპულარული. ფრანგები სახლის კარებზე ფითრის ხის ტოტს კიდებენ და სჯერათ, რომ მომავალ წელს ის წარმატებას მოუტანთ. გარდა ამისა ფრანგები მთელ სახლში და მაგიდაზეც უამრავ ყვავილს დგამენ. წმინდა ნიკოლასის დღეს ფრანგული თოვლის ბაბუა - პერ ნოელი (Pere Noel) ბეჯით ბავშვებს ეროვნული სტილის ფეხსაცმელში (sabots), რომელსაც ისინი წინა ღამით ბუხრის წინ ტოვებენ, საჩუქრებს უწყობს, ხოლო მეორე საშობაო პერსონაჟი ბაბუა - პერ ფუატერი, რომელსაც ხელში წკეპლა (როზგი) უჭირავს, პერ ნოელს ეუბნება იმას თუ როგორ იქცეოდა ბავშვი წლის განმავლობაში და რას იმსახურებს ის - საჩუქარსა თუ გაწკეპვლას. საჩუქრები აგრეთვე პეტი ნოელმა (Le Petit Noel), ანუ ბავშვმა იესომ შეიძლება მოიტანოს.
შობამდე, შუაღამის მესის (ანუ წირვის) შემდეგ, ადამიანები სადღესასწაულო ვახშამზე იკრიბებიან. ამ ვახშამს ფრანგები ”reveillon” - ს (გამოღვიძება, დღის მოსვლა) უწოდებენ. მათი გაგებით ის, ქრისტესშობის მნიშვნელობის შეცნობის შედეგად ადამიანის სულიერ გამოღვიძებას წარმოადგენს. ვახშმის მენიუ რეგიონალური კულინალური ტრადიციებით განსხვავდება: საფრანგათის ჩრდილოეთ-არმოსავლეთში ძირითადი კერძი - ბატია, ბურგუნდიაში - ინდაური წაბლით, სხვა პროვინციაში - წიწიბურას კვერი არაჟნით, პარიზელებს სამანწკა, ლობსტერი, ბატის ღვიძლისგან დამზადებული პაშტეტი და შამპანური მოსწონთ. ხოლო პროვანსში უძველესი ტრადიციით სუფრაზე 13 დესერტი მოაქვთ, რაც ქრისტეს და 12 მოციქულის სიმბოლოს ნიშნავს. ყველაზე ცნობილ და სავალდებულო დესერტს (ნაპობის ფორმის) საშობაო ტორტი ბუშ დე ნოელი წარმოადგენს. უძველესი ტრადიციის შესაბამისად 1 - 6 იანვარს „მასხარების (სულელების) ნადიმს”ატარებენ. შუა საუკუნეებში მოქალაქეები სატირიკულ სცენებს ათამაშებდნენ და საკარნავალო მსვლელობებს აწყობდნენ. ქალაქსა თუ სოფელში სულელად აღიარებული ადამიანი ღებულობდა ”უწესრიგობის ბატონის” ტიტულს და ამ გართობას უდგებოდა სათავეში, მისი ბძანება სავალდებულო ხდებოდა ყველასთვის. 6 იანვარი - საშობაო დღესასწაულის დასრულებისა და ზეიმის ბოლო დღეა - ეს აგრეთვე ”მეფეთა ნადიმის” დღეცაა (Fetes des Rois). ამ დღეს შეწირულობის გაცემისა და ოჯახურ სუფრასთან შეგროვების ტრადიცია შერჩა. სუფრის ატრიბუტს ნუშის ტორტი ”გალეტ დე რუა” (Galette des Rois) წარმოადგენს, ის ოქროსფერი ქაღალდის გვირგვინით არის მორთული, ხოლო პატარა სათამაშო გვირგვინი (ზოგჯერ კი ცერცვი) ტორტშია ჩამალული. მამაკაცი, რომელსაც ის შეხვდება, ამ დღის მეფე, ხოლო ქალბატონი - დედოფალი ხდება. (6 იანვარი - დღეა, როდესაც ბიბლიური თქმულებით აღმოსავლეთიდან ბეთლემში გამოცხადდა სამი მეფე ( მოგვი), მათ მოევლინათ ზეციური სასწაული ქრისტესშობის შესახებ.
იტალიაში ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ, ადამიანები ყოველ შობა დღეს იკრიბებიან ოჯახში და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთს მიართვან საშობაო საჩუქრები, არამედ იმისათვისაც, რომ გაიხსენონ ის თუ რამდენად მხიარულია ყოველთვის ოჯახური სუფრა. იტალიის ზოგ მხარეში მიირთმევენ შემწვარ ვირთევზას ან ქორჭილას და აყოლებენ თეთრ ღვინოს. იტალიის სხვა ნაწილებში საშობაო მენიუ განსხვავდება, მაგრამ ძირითადად ის შესდგება ბულიონიანი პელმენებისგან, ფარშირებული ხორცისგან, ტკბილი ფუნთუშებისა ან მილანური კულიჩისგან.
დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით იტალიელები ამ დღეს ფანჯრიდან ყრიან მოძველებულ ნივთებს, რათა დაემშვიდობონ წინა წლის უსიამოვნებებს. კიდევ ერთი ტრადიცია: ნოემბრის თვის ბოლოს გახსნილი ბაზრობები წყვეტენ ვაჭრობას ქრისტესშობის დადგომის წინადღეს. ეს ბაზრობები ყოველთვის ბევრ ხალხს იზიდავენ. რას არ ნახავს ადამიანი აქ - უამრავ ხელნაკეთ სათამაშოს, მცირე ზომის სტატუეტს, საოცარი ფორმისა და ფერის სანთელს, ტკბილეულს, გამხმარი ყვავილებისგან დამზადებულ გვირგვინებს, ფერად-ფერად ბაფთებს, სახლის და ნაძვის ხის მოსართავ ატრიბუტებს და სხვას.
ესპანეთში ქრისტესშობის დღესასწაულს ძალიან მხიარულად აღნიშნავენ. 25 დეკემბერს მადრიდის, ბარსელონასა და სხვა ქალაქების ცენტრალური ქუჩები სავსეა მოსეირნე ხალხით. ადამიანები ეროვნულ სამოსს იცმევენ და მღერიან, შემდგომ საშობაო მესსის (წირვის) დაწყებამდე იკრიბებიან ტაძრის შესასვლელთან, ერთმანეთს ჩაკიდებენ ხელს და ცეკვავენ. თითოეული ესპანელი თავს ვალდებულად თვლის, რომ ამოიცნოს იმ ადამიანის გუნება-განწყობილება, ვისაც უპირებს გაუკეთოს საშობაო საჩუქარი. ”ჩუქების სურვილი ” - უძველესი ტრადიციაა ესპანეთში. ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად მთელ ქვეყანაში გრანდიოზული საშობაო ბაზრობები იმართება. 23 – 24 დეკემბერს ტრადიციულად ტარდება საშობაო ლატარეა El Gordo, რომელიც 1818 წლიდანაა ცნობილი (მაშინ 17 ათასი ბილეთი გაიყიდა და პრემია 50 000 პისეტს შეადგენდა). 1996 წელს საოცნებო ბილეთი 30 მილიონმა ადამიანმა შეიძინა. 2003 წელს კი ჯეკ-პოტმა - 300 მილიონ ევროს მიაღწია. საშობაო დღესასწაულების მთავარ დღეს ესპანელებისთვის - 6 იანვარი, ანუ სამი მოგვის დღესასწაული.
ესპანეთის ყველა რეგიონს საშობაო სუფრის საკუთარი მენიუ გააჩნია. სამხრეთში - მრავალი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ინდაურია, ცენტრალურ ნაწილში - გოჭი ან ბატკანია, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში - ძირითადად გველთევზაა.დღესასწაულის მთავარ კერძს (ჩვენი გოზინაყივით) - თაფლიანი ნიგოზი წარმოადგენს.
ფინეთში ქრისტესშობის აღნიშვნის პერიოდი შობამდე ხუთი კვირა დღით ადრე იწყება. შობას ფინეთში ძალიან მშვიდად აღნიშნავენ, ოჯახში და ეკლესიაში. ხოლო მეორე დღეს აწყობენ მასობრივ სეირნობას. მეგობრები იკრიბებიან რესტორნებში ან დადიან სტუმრად. ტრადიციის მიხედვით სახლში უნდა დაიდგას მორთული ნაძვის ხე, რომელზეც ანთებენ სანთლებს. ამ დღეს მიღებული იყო ციგებით სრიალი, ჩიტებისთვის ტრადიციულად ქუჩაში გაჰქონდათ შვრიის ორიოდე ძნა, სახლის იატაკზე და სუფრის გადასაფარებლის ქვეშ აფენდნენ ნამჯას, რამდენიმე მუჭა ნამჯას ისროდნენ ჭერისკენ და მკითხაობდნენ დამდეგი წლის მოსავლიანობაზე. ყველას შობის ღამეს იატაკზე დაფენილ ნამჯაზე ეძინა. წინადღეს იკრიბებოდა მთელი ოჯახი. მიღებული იყო სასაფლაოზე გასვლა და ახლობლების საფლავებზე სანთლის დანთება. ამჟამად საღამოს ხუთი საათისთვის ზოგიერთი ოჯახი მიემართება ეკლესიაში, ზოგი კი ღვთისმსახურებას ტელევიზიით უყურებს. ამის შემდეგ ეწყობა სუფრა. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის - შობისთვის მომზადება იწყება მეგობრებსა და ნათესავებისთვის საჩუქრების ყიდვით, სახლის დალაგებით და მორთვით. ამ დღისათვის გალამაზებულია მაღაზიები, ქუჩები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ტარდება საშობაო კონცერტები.
გასული საუკუნის ოციანი წლებიდან ფინელები აღნიშნავენ ეგრეთწოდებულ ”მცირე შობას”. ამ ტრადიციას საფუძველი ქალთა ორგანიზაციებმა ჩაუყარეს, რომლებიც შობის წინ აწყობდნენ საშობაო ბაზრობას და ამ ბაზრობისთვის ამზადებდნენ ხელნაკეთ სუვენირებს, სხვა და სხვა სახის მოსართავებს. დღეს, ხშირ შემთხვევაში, ”მცირე შობას” აღნიშნავენ კორპორატიული ვახშმის სახით, კომპანიის თანამშრომლები ამზადებენ სპეციალურ მუსიკალურ და საზეიმო გამოსვლებს. ჩვეულებრივ ასეთ შეკრებაზე ქმრებსა ან ცოლებს არ პატიჟობენ. ერთ-ერთ განსაკუთრებულ, ფინურ საშობაო ჩვეულებად იქცა საღამოს საუნა, რომლის შემდეგ ოჯახი სუფრასთან იკრიბება. საშობაო სადილი მდიდარია განსხვავებული კერძებით. სადილის დროს მიირთმევენ გლინტვეინს.
|