სხეულის არასწორი აღნაგობა ხშირად ადრეული ბავშვობიდან იწყება, როდესაც ჩვილი ბავშვი დიდ ხნის განმავლობაში უძრავად წევს ერთი და იგივე პოზაში , ან დაძინებისათვის მას ატარებენ ერთ და იგივე მხარეზე დაწოლილს, ხანგრძლივად აჯენენ ბალიშებში. გაუთვითცნობიერებლად მშობლები საფუძველს უქმნიან სკოლიოზის ფორმირებას, ეს პროცესი გრძელდება, თუ ბაგა-ბაღში ბავშვს სძინავს ასაკისათვის არა შესაფერის საწოლზე. არც თუ იშვიათად სკოლაში ბავშვი საათობით ზის მოუხერხებელ მერხთან, იძულებით პოზაში. ამას შეიძლება დაემატოს საშინაო დავალებების შესრულების მუსიკალური სკოლის და ტელევიზორის ყურების დროს მოუხერხებელ პოზაში ჯდომა და სუსტი ფიზიკური აქტივობა. ყოველწლიურად სხეულის არასწორი აღნაგობისა და სკოლიოზის მქონე სულ უფრო მეტი და მეტი ბავშვი ვლინდება, რაც არასახარბიელოა ამ ბავშვების ჯანმრთელობისათვის მომავალში.
სკოლიოზს, რომელიც ვლინდება სასკოლო ასაკში, სასკოლო ან S-ებურ სკოლიოზს ეძახიან,ის ხასიათდება ხერხემლის გულმკერდის ნაწილის გამრუდებით. მოსწავლეები ხანგრძლივი დროს განმავლობაში სხედან ისეთ პოზაში, როდესაც მარჯვენა ბეჭი მარცხენასთან შედარებით უფრო წინ და მაღლა არის წაწეული, ხოლო კორპუსი შეტრიალებულია მარცხნივ. ეს ასიმეტრიული პოზა და ხერხემლის კუნთების სისუსტე იწვევენ სკოლიოზს. სკოლიოზის პირველი ხარისხის შემთხვევაში იგი პრაქტიკულად არ ჩანს, აღინიშნება მხოლოდ მოდუნებული აღნაგობა, წელში მოხრილობა, მარჯვენა ბეჭი მარცხენაზე ოდნავ უფრო მაღლა დგას. შეინიშნება წელის სამკუთხედების ოდნავი ასიმეტრია. მეორე ხარისხის სკოლიოზის შემთხვევაში ყველა ეს ასიმეტრია უფრო მკაფიოდ არის გამოხატული. მესამე და მეოთხე ხარისხის სკოლიოზის დროს ძვალთა და კუნთთა სისტემა ძლიერად არის დეფორმირებული.
იმისათვის, რომ ბავშვს არ განუვითარდეს სკოლიოზი, საჭიროა, რომ ის რაც შეიძლება მეტად აქტიურად მოძრაობდეს. ამის გარდა მისი სამოსწავლო ადგილი, მერხი უნდა პასუხობდეს ბავშვის სიმაღლეს. ძალიან მნიშვნელოვანია გამოუმუშავოთ საწერ მაგიდასთან სწორად ჯდომის ჩვევა, რომ მან ამის დროს არ ჩაკეცოს მარჯვენა ფეხი ან არ გადადოს ის მარცხენაზე. თვალ-ყური უნდა ადევნოთ იმას, რომ წერითი დავალებების შესრულების დროს მაგიდაზე მისი მარცხენა ხელი მარჯვენასთან შედარებით წინ იყოს წაწეული და ბავშვი არ იხრებოდეს მარჯვენა ხელისაკენ.
ჩვენი რჩევაა - ბავშვის აღნაგობაში აღწერილი ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში მიმართოთ სპეციალისტს. გამოავლინოთ და თავიდან ააცილოთ ყველა ფაქტორი, რომლებმაც გამოიწვიეს ხერხემლის გამრუდება და ყოველდღიურად თვალ-ყური ადევნოთ მერხთან, თუ მაგიდასთან მჯდომი ბავშვის პოზის გამართულობას. ამ შემთხვევაში თქვენ და თქვენი შვილი წარმატებით დაძლევთ არასასიამოვნო პრობლემას - სკოლიოზს.
|