სკოლამდელი ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევის ფორმაა თამაში. თამაშში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები და პიროვნული თავისებურებები. თამაში გავლენას ახდენს ნებისმიერი ფსიქიკური პროცესების ფორმირებაზე. მაგალითად, თამაშში განვითარებას იწყებს ნებისმიერი ყურადღება და მეხსიერება. თამაში გავლენას ახდენს ბავშვის აზროვნების განვითარებაზეც. თამაშის პროცესში ბავშვი სწავლობს აზროვნებას საგნების შესახებ და მათ გონებრივ პლანში გამოყენებას. ამგვარად, თამაში განაპირობებს ბავშვის თანადათანობით გადასვლას წარმოდგენათა პლანში აზროვნებაზე. სიუჟეტურ-როლური თამაში საფუძვლად ედება აზროვნების განსაკუთრებული თვისებების ფორმირებას, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს დადგეს სხვა ადამიანების პოზიციაზე, გაითვალისწინოს მომავალი ქცევა და ამის საფუძველზე ააგოს საკუთარი ქცევა. როლური თამაში ხელს უწყობს წარმოსახვის განვითარებასაც. თამაშში ბავშვი სწავლობს ერთი საგნის მეორეთი ჩანაცვლებას, ასრულებს სხვადასხვა სოციალურ როლს.
თამაში გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნების განვითარებაზე. იგი ეცნობა მოზრდილთა ქცევასა და ურთიერთობებს, რომელიც მისი ქცევის ნიმუში ხდება. ბავშვი იძენს ურთიერთობის ძირითად ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია თანატოლებთან და მოზრდილებთან ურთიერთობის დასამყარებლად.
თამაშის ქცევაში ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედებაც, რომელიც მოგვიანებით ქცევის წამყვანი ფორმა ხდება. სწავლა შემოაქვს მოზრდილს, ის უშუალოდ არ აღმოცენდება თამაშიდან. სკოლამდელი ასაკის ბავშვი სწავლას თამაშში იწყებს. იგი მას ისე ეკიდება, როგორც გარკვეული წესების მქონე თავისებურ როლურ თამაშს. ასრულებს რა ამ წესებს ბავშვი შეუნჩნევლად ეუფლება ელემენტარულ საწავლო მოქმედებას. ბავშვს უყალიბდება სწავლის უნარი და სურვილი.
თამაში დიდ გავლენას ახდენს მეტყველების განვითარებაზე. თამაშის სიტუაცია მასში ჩართული ყველა ბავშვისგან მოითხოვს სამეტყველო ურთიერთობის განვითარების გარკვეულ დონეს. თუ ბავშვს არ შეუძლია მკაფიოდ გამოთქვას თავისი აზრები და სურვილები, არ შესწევს უნარი გაიგოს ამხანაგის სიტყვიერი ინსტრუქციები, ის ვერ შეძლებს თამაშს თანატოლებთან. თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი სტიმულს აძლევს გამართული მეტყველების განვითარებას.
თამაშს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეფლექსიური აზროვნების განვითარებისთვის.
რეფლექსია ეს არის ადამიანის უნარი გაანალიზოს საკუთარი მოქმედებები, ქცევა, მოტივები და შეუფარდოს ისინი საზოგადოებაში მიღებულ ღირებულებებს, სხვა ადამიანების ქცევებს, მოტივებს. რეფლექსია ხელს უწყობს სოციალურ გარემოში ბავშვის ადექვატურ ქცევას.
ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება თამაშის ფორმები. ადრეული ასაკის ბავშვები თამაშის დროს არ ისახავენ მიზანს, არ ადგენენ თამაშის წესებს. 5-6 წლის ასაკის ბავშვები ისახავენ მიზანს, ადგენენ თამაშის წესებს, ეხმარებიან ერთმანეთს. 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის ტიპიურია: მოტორული თამაშები, თამაში – “ბრძოლა”, როლური და წესებიანი თამაში.
მოტორული თამაშებია – სირბილი, ხტუნვა, სხვადასხვა მოტორული აქტიობები, რომლებიც ბავშვს დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ხელს უწყობს მოძრაობათა კოორდინაციის განვითარებას.
თამაში – “ბრძოლა—ძალების მოსინჯვა”. უფროსები ხშირად უკრძალავენ ბავშვებს ამ სახის თამაშს, რათა არ დაუშვან ჩხუბი ბავშვებს შორის. მაგრამ, თამაში – “ბრძოლა”, მხოლოდ თამაშია და არა ნამდვილი ჩხუბი. ის საშვალებას აძლევს ბავშვებს დახარჯოს ზედმეტი ენერგია; ფიზიკურად ივარჯიშოს; შეიკავოს ემოციები; გააკონტროლოს იმპულსები; გადაეჩვიოს ნეგატიურ ჩვევას, რომელიც მიუღებელია სხვა ბავშვებისათვის. ამ სახის თამაშს ბიჭები უფრო ხშირად თამაშობენ, ვიდრე გოგონები.
როლური თამაში. ბავშვები ათამაშებენ სიუჟეტებს და ასრულებენ სხვადასხვა როლებს. ასეთი თამაში მოიცავს არა მხოლოდ უფროსის ქცევის მიბაძვას, ასევე ფანტაზიას და ურთიერთობის ახალ ფორმებს. როლური თამაშის დახმარებით ბავშვები ეცნობიან სოციალურ ურთიერთობებს და ნორმებს, კულტურულ ტრადიციებს.
წესებიანი თამაში. ბავშვები ადგენენ თამაშის წესებს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ამ თამაშს ჰყავს გამარჯვებული და დამარცხებული. ეს თამაში მოითხოვს გარკვეულ კოგნიტურ უნარებს, უნდა გათვალო ამ თუ იმ აქტიობის შედეგი, ისწავალო წაგება და მოგება.
თამაში ანვითარებს: სწავლის უნარს; შემოქმედობითობას და ფანტაზიას; სხვა ბავშვებისა და ადამიანებისადმი სიყვარულსა და კეთილგანწყობას; იწვევს სიხარულის ემოციას, რომელიც აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური ჯამრთელობისთვის; ყალიბდება ბაზისური ნდობა გარემო სამყაროს მიმართ. |