წარმართულ საზოგადოებაში მიაჩნდათ, რომ ნადირობის ბედსა და მონადირის იღბალს განაგებდნენ სხვადასხვა ღვთაებები.
ლაშქრობისა და ომიანობის ძლიერ ღვთაებად ხევსურეთში ,,გუდანის ხატი'' ითვლებოდა, მას ამასთანავე ,,საღმრთო''-ს უწოდებდნენ. იგი ყოველი ლაშქრობის სარდლად მიაჩნდა ხალხს.
,,მოლაშქრე ხატზე '' დაბლა, მაგრამ მაინც ახლოს იდგა ,, მეკობრეებისა და მონადირეების ხატი'', რომელსაც ხევსურეთში აგრეთვე ,,თეთრი სანება ცროლის-გორის ხატს'' ეძახოდენნ. მას მეკობრეები და მონადირეები ებარა, ამიტომ ამ ხატთან მონადირეებს ძღვენი მიჰქონდათ და მეკობრეები დავლის ნაწილს სწირავდნენ. ხევსურები აგრეთვე თაყვანს სცემდნენ ღვთაება ,,ანატორს'', რომლის შესახებაც ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება.
ხევსურებს სწამდათ, რომ ნადირთაც ჰყავდათ თავიანთი მფარვლი ღვთაება, ურომლისოდაც მონადირე ნადირს ვერ მოკლავდა. მას ,,ოჩოპინტრეს'' უწოდებდნენ. მას ,,ნადირთ მწყემსობა'' აქვს ჩაბარებული. ოჩოპინტრე უხილავია, მას მონადირე ვერ ხედავს, მაგრამ თუ არ შეევედრა, ნადირობა უშედეგოდ ჩაივლის. როდესაც მონადირე ჯიხვს მოსაკლავად მიეპარება, უნდა წარმოთქვას ასეთი სავედრებელი სიტყვები: ,,ნადირთ მწყემსო ოჩოპინტრევ, შენ გეხვეწები, მამეცი ჯიხვის თავი, მომაკლეიე! სულნი ხომ შენნია ნადირთანი''. მხოლოდ ამ ლოცვის წარმოთქმის შემდეგ შეეძლება მონადირეს ჯიხვის მოკვლა.
გარე-კახეთში ,,ნადირთ მწყემსის'' მაგივრად ,,ნადირის ანგელოზს'' სცემდნენ თაყვანს.
თავისი გარეგნობითაც და აგებულებითაც ,,ოჩოპინტრე'' მეგრული წარმართული რწმენის ,,ოჩოკოჩ''-ს მიაგავს.
,,ოჩოკოჩი'' ნიშნავს ,,ვაც-კაცს'', ანუ იმ ზღაპრულ არსებას და ღვთაებას, რომლის სხეულის ერთი ნაწილი მამალი თხისას, მეორე კი ადამიანისას მიაგავს.
ნადირობის ღვთაებების გარდა წარმართულ საზოგადოებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ადგილის მფარველ ღვთაებებს. მაგალითად, ფშაველებს სწამდათ, რომ თითოეულ ადგილს, მთას, გორას ჰყავს დედა, რომელიც მფარველობას და მას ,,ადგილის დედა'' ეწოდება.
,,ადგილის დედის'' არსებობა სწამდათ აფხაზებსაც, რომელსაც ,,ადგილ-ანხუ'' ჰქვია, ,,ფუძის ანგელოზს'' კი აფხაზეთში ,,აჟაჰარა'', ანუ ,,აშაჰარა'' შეესაბამება. როცა აფხაზი პატარძალს სახლში შეიყვანდა, სახლის უფროსი ამ ახალ შემოსულ წევრს ,,აჯაჰარას'' ავედრებდა და მის მფარველობას შესთხოვდა. მ.წერეთელი ფიქრობდა, რომ აფხაზური აჟაჰარა იგივე ხეთური ქალ-ღმერთი იშხარა არის, რომლის კულტი ძლიერ იყო გავრცელებული მცირე აზიასა და შუამდინარეთში.
მეგრელებსაც სწამდათ ფუძის ღვთაება, ,,ფუძის ბატონი''. მეგრულად მას ,,ნერჩი პატენი'' ჰქვია. ,,ნერჩი'' ნიშნავს ფუძეს, იმ ნიადაგს და მიწას, რომლეზეც სახლი დგას. ,,ნერჩი პატენი'' ფუძის ბატონს უდრის.
სვანეთში იყო ,,ლამზირ'', ანუ ,,მიწის სალოცავი'', ნაყოფიერებისა და შვილიერების მფარველი ღვთაება, მაგრამ კვირიასაგან განსხვავებით, ის მდედრობითი სქესისაა. ამას ის გარემოება ამტკიცებს, რომ ამ დღესასწაულში მარტო ქალები მონაწილეობდნენ და თანაც მხოლოდ ჯავრდაწერილი ქალები.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიწის თუ ადგილის მფარველ ღვთაებას ,,დედა'' ჰქვია, ხოლო მცირე აზიასა და საბერძნეთში ჰყავდათ განთქმული მიწის ღვთაება ,,დემეტრე'', რომელიც, მეცნიერთა აზრით, დედამიწას უნდა ნიშნავდეს.
მარიამ ტუხაშვილი (28.02.2014)
|