მშობელი ყოველდღიურად ასწავლის თავის შვილს ცხოვრებისადმი მიდგომას და თუ ამგვარი ურთიერთობა ირღვევა, ბავშვი იკეტება საკუთარ, ზოგჯერ არარეალურ სამყაროში, ან შედის სამყაროში, სადაც მას ხვდებიან თანატოლები, კომპიუტერი, ტელევიზორი, ზოგჯერ ალკოჰოლი და ნარკოტიკებიც კი. ბავშვთა ნაწილი წარმატებულად გაივლის ცხოვრების დაწყებით სკოლას, ნაწილი მთელი სიცოცხლის მანძილზე გააგრძელებს საკუთარ თავში გარკვევასა და სამყაროში ადგილის ძებნას, ხოლო ამ გზაზე ყველაზე წარუმატებელი - გაქრება სოციუმიდან, როგორც პიროვნება.
ფსიქოლოგიის უკეთილშობილესი მოვალეობაა დაეხმაროს პატარა ადამიანს გაერკვეს საკუთარ თავში, შესძლოს დღევანდელ რთულ რეალობაში ადაპტაცია, მშობლებთან, თანატოლებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობაში საერთო ენა მოძებნოს, წარმატებულად იბრძოლოს შესატყვისი ადგილისათვის ცხოვრებაში. დღევანდელ რეალობაში მშობლები დიდ დროს ახმარენ სამსახურს, შრომას ან საარსებო წყაროს მოძიებას. ბავშვები კი არც თუ ისე იშვიათად, მარტოხელები რჩებიან. უფროსები ვერ იცლიან, რათა კარგად მოუსმინონ და გაუგონ ბავშვსა თუ მოზარდს, გაიზიარონ მათი ნააზრევი ან განცდები და გაუზიარონ მათ თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება. ამ გარემოებების გამო ყალიბდება ისეთი ვითარება, რომ გარკვეული ეტაპისათვის ბავშვებსაც და მშობლებსაც ესაჭიროებოდეს ფსიქოლოგიური დახმარება. დახმარების საგანი და ამოცანაა აუხსნათ მშობლებსაც და ბავშვებსაც ურთიერთობების მნიშვნელობა და აუცილებლობა, უნდა ვასწავლოთ ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთის მოსმენა და გაგება, ურთიერთობა არა მხოლოდ აკრძალვების, მითითებებისა და დიდაქტიკის ენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვსა და მშობელს შორის წარმოიქმნება განკერძოებულობისა, განდგომილების გარემო, რომელიც შემდგომში გადაიზრდება ხოლმე ურთიერთობათა კრიზისში. დღევანდლობას ამ თვალსაზრისით თუ გავაანალიზებთ, მივალთ დასკვნამდე: ფსიქოლოგიური დახმარება რეალურად ესაჭიროება ბევრ ბავშვს, მოზარდსა და მშობელს, სამწუხაროდ მშობელთა საზოგადოებაში რეპეტიტორის დახმარება უკვე ნორმად იქცა, ხოლო ფსიქოლოგებისადმი დახმარებისათვის მიმართვას ან არ მივეჩვიეთ, ან მივმართავთ იშვიათად. ლოგიკურია, რომ ისმევა კითხვა: რა პრობლემების გადაწყვეტაში შეიძლება შეგვიწყოს ხელი ფსიქოლოგის დახმარებამ? მშობელთა ნაწილის აზრით, სხვა და სხვა პრობლემატური ქცევის გარდა, ძალიან აქტუალურია ბავშვის სკოლაში ადაპტაცია, რომელიც მოიცავს მასწავლებლებთან და თანატოლებთან ურთიერთობას, გაკვეთილზე და გამოცდაზე პასუხის გაცემის შიში, კონფლიქტები თანატოლებთან და სხვა ამგვარი. ამ პრობლემებთან მიმართებაში მშობელმა უმეტეს შემთხვევაში არ იცის, როგორ და რით დაეხმაროს შვილს და ეს დიდ წილად განაპირობებს ოჯახებში დაძაბულობას.
საიტის მშობელთა გვერდზე ზოგად დონეზე მიმოხილულია ბავშვის განვითარების ეტაპები და ამ ეტაპებისათვის დამახასიათებელი ასაკობრივი კრიზისები, ამიტომ ”ბავშვის ფსიქოლოგიის” ქვე გვერდზე ვეცდებით შესაბამისი გრადაციისა და უკვე მითითებული კრიზისების გათვალისწინებით გავმართოთ მსჯელობა თქვენთვის საინტერესო , აქტუალურ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მოგვმართეთ შეკითხვებით და ფსიქოლოგები გაგცემენ პასუხებს.
|