სტერეოტიპი წარმოადგენს განზოგადებულ აზრს ადამიანის გარკვეული პიროვნული თვისებების შესახებ. სტერეოტიპი შეიძლება განვიხილოთ როგორც სქემა, კოგნიტური ფონი იმ ინფორმაციის ინტერპრეტაციისა, რომელსაც ადამიანი თავისი სოციალური გარემოდან იღებს. სტერეოტიპი მოიცავს კონკრეტული სოციალური ჯგუფის შესახებ ცოდნასა და რწმენებს, რომელთაგან უმეტესობა ბუნებით ნეგატიურია. სტერეოტიპები გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინფორმაციის შეფასებაზე, არამედ თვითონ ინფორმაციის სელექციაზეც. კერძოდ, ადამიანი იმ ინფორმაციას უფრო ადვილად შეამჩნევს, რომელიც მისი რწმენების, სტერეოტიპების კონსისტენტურია, არაკონსისტენტურ ინფორმაცის კი უგულებელყოფს. სტერეოტიპი ასევე განსაზღვრავს იმას, თუ რას გავიხსენებთ. სტერეოტიპი მრავალგვარი შეიძლება იყოს, როგორც რასისტული, ისე, რელიგიური, ეთნიკური, გენდერული და მრავალი სხვა. თითოეული მათგანი კი განსაზღვრავს ადამიანის მიერ გამოს აღქმას და შემდგომ უკვე შეფასებას.
სტერეოტიპის შინაარსი განსაზღვრავს იმ თვისებებს, რომელთა მიწერაც ხდება ადამიანების მიერ რომელიმე სოციალურ ჯგუფზე მისი დახასიათების დროს.
სტერეოტიპის ადრეული თეორიები ეკუთვნის გორდონ ოლპორტს (Gordon Allport), რომელმაც დაასკვნა, რომ ჯგუფის გარეთ ადამიანების მიმართ გამოიხატება აშკარად ანტიპატია . ასეთივე მდგომარეობა გვაქვს კროს-ეთნიკური თვალსაზრისითაც. თუმცა, ყოველთვის ასე ცალსახად ვერ ვისაუბრებთ, რადგან სტერეოტიპები ზოგჯერ ამბივალენტურია. მაგალითად, სითბო და კომპეტენტურობა ხშირად დაკავშირებულია შეჯიბრებითობასა და სტატუსთან. ის ჯგუფები, რომელთა წევრებიც არ ეჯიბრებიან ჯგუფს შიგნით ერთმანეთს, აღიქმებიან როგორც თბილები, მაშინ როცა მაღალი სტატუსის მქონენი განიხილებიან როგორც კომპეტენტურები. არსებობს მოსაზრება, რომ სტერეოტიპები გამოიყენება რიგიდული, გარიყული და ავტორიტეტული ადამიანების მიერ. თუმცა, თანამედროვე კვლევებმა უარყო ეს მოსაზრება და შემოგვთავაზა ალტერნატიული ხედვა, რომლის თანახმადაც სტერეოტიპი არის ყველგან და ყველაში. ასევე, მიიჩნევა, რომ ერთი ჯგუფის წევრები იზიარებენ გარკვეულ სტერეოტიპებს. ჩნდება კითხვა, რატომ უყალიბდება ადამიანს სტერეოტიპები? ამის მიზეზად შესაძლოა ადამიანის კოგნიტური სიძუნწე დავასახელოთ: უფრო ადვილია ადამიანი გარკვეულ კატეგორიაში მოათავსო და მას ამ კატეგორიისთვის დამახასიათებელი თვისებები მიაწერო, ვიდრე თითოეულ ინდივიდზე ცალკე იმსჯელო, ეს მეტ კოგნიტურ ძალისხმევას მოითხოვს.
ადამიანები მოვლენებს შორის ხშირად აყალიბებენ ილუზორულ კორელაციას, რაც, ბუნებრივია, შეცდომის წყარო შეიძლება გახდეს. სტერეოტიპებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ, დამაინტერესა მართლა ასე მკვეთრად ვლინდება თუ არა სტერეოტიპები ადამიანების მიერ მაშინ, როცა ისინი ვინმეს ან რამეს აფასებენ.
ბოლო დროს გახშირდა შეხედულება, რომ ადამიანები, რომლებიც ოპტიკურ სათვალეებს ატარებენ, არიან უფრო მეტად ინტელექტუალურები და განვითარებულები, რადგანაც სათვალის ტარება უფრო მეტ ნაკითხობასთან ასოცირდება. ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ნაკითხობასა და სათვალის ტარებას შორის არ არის კავშირი და ეს მხოლოდ სტერეოტიპია, რადგან შესაძლოა ბევრმა კითხვამ, განსაკუთრებით ღამით, მართლაც გამოიწვიოს თვალის პრობლემები, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ყოველთვის ასე ხდება. მაღალი ერუდიციის მიუხედავად ბევრ ადამიანს სულაც არ უჩნდება მხედველობის პრობლემები. ამ მიზეზთა მიუხედავად, ადამიანებში მაინც არსებობს გარკვეული კავშირი (თუნდაც ილუზორული) სათვალის ტარებასა და ინტელექტის დონეს შორის. სწორედ ამ კავშირის დადგენას შევეცადე ჩემი ექსპერიმენტით.
ექსპერიმენტის ერთ-ერთი უპირატესობა, სხვა კვლევით პროცედურებთან შედარებით, არის ის, რომ ექსპერიმენტატორს შეუძლია მოახდინოს მანიპულირება ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებული ცვლადით და დააკვირდეს ახდენს თუ არა ის გავლენას დომოკიდებული ცვლადის მნიშვნელობაზე. ჩვენს ექსპერიმენტში დამოუკიდებელ ცვლადს წარმოადგენს ოპტიკური სათვალე, ხოლო დამოკიდებულ ცვლადს წარმოადგენს ის 6 ბალიანი სკალა, რომელზეც აფასებენ ცდის პირები გოგონებს ინტელექტის დონის მიხედვით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 40-მა ადამიანმა. სუბიექტების სრულ უმრავლესობას სტუდენტები წამოადგენდნენ, მათი უმრავლესობა 18-დან 25 წლამდე იყო. თითოეულ ჯგუფში, როგორც ექსპერიმენტულში, ისე საკონტროლოში, შემთხვევითად განაწილდნენ ცდის პირები (20 მონაწილე თითოეულში). ასევე, აღვნიშნავ, რომ შევეცადეთ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა გენდერული ბალანსი გჯუფებში.
ექსპერიმენტული ჯგუფი - ცდის პირებს მიეწოდებოდათ სათვალეებიანი გოგონას სურათი და ვთხოვდით მათ შეეფასებინათ ის ინტელექტუალურობის მიხედვით.
საკონტროლო ჯგუფი-ცდის პირებს მიეწოდებოდათ იმავე გოგონას სურათი, ოღონდ ამჯერად სათვალის გარეშე, და ვთხოვდით შეაფასებინათ ის ინტელექტუალურობის მიხედვით.
როგორც უკვე აღვნიშნე, ცდის პირები შემთხვევითი განაწილების პრინციპით ხვდებოდნენ საკონტროლო თუ ექსპერიმენტულ ჯგუფებში. ერთი ცდის პირი მხოლოდ ერთ დავალებაში მონაწილეობდა და ერთი სურათის შეფასება უწევდა. ექსპერიმენტული ჯგუფის ცდის პირებს ვაწვდიდით გოგონას სურათს, რომელსაც ეკეთა სათვალე და ვთხოვდით 6 ბალიან სკალაზე შეეფასებინათ მისი ინტელექტი. სტატისტიკური გამოთვლებით დადასტურდა ჰიპოთეზა - ადამიანები მიდრეკილნი არიან ოპტიკური სათვალეების მატარებელი პირები უფრო ინტელექტუალურებად მიიჩნიონ, ვიდრე სხვები, სათვალის გარეშე. ადამიანებს ვახასიათებს სტერეოტიპული აზროვნება (ზოგს- მეტად, ზოგს-ნაკლებად), ხოლო სათვალეებიანი ადამიანის ინტელიგენტად აღქმა ასეთი სტერეოტიპული აზროვნების ერთ-ერთი გამოვლინებაა. |