რეკლამა ჩვენი დრიოს ყველაზე ძვირადღირებული ინფორმაციული წყაროა.იგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ნელ-ნელა შემოიჭრა და დამკვიდრდა, და ალბათ სამუდამოდაც.არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ჩვენში რეკლამა არავის და არაფერს სჭირდებოდა.გამოდიოდა სარეკლამო ჟურნალი “პირიმზე“, რომელიც მკითხველებს აცნობდა მომსახურების სფეროს გამორჩეულ და მოწინავე წარმომადგენლებს.....პერიოდულად ცენტრალური ტელევიზიით უჩვენებდნენ მშვენიერ სარეკლამო გადაცემას “Больше хороших товаров! “, რომლებიც ასევე მშვენიერ ჟურნალისტებს მიჰყავდათ. მთელი საეთერო დრო ეთმობოდა იმ პროდუქციის ღირებულებათა აღწერას, რომლებიც, სანთლითაც რომ გეძებნათ, ჩვენს გაუბედურებულ მაღაზიებში ვერსად იპოვიდით. ვცხოვრობდით ასე რეკლამის გარეშე, მაგრამ “გარდაქმნილმა“ ცხოვრებამ თავისი კანონები დააწესა, გაჩნდა უამრავი ხარისხიანი თუ უხარისხო პროდუქცია, დღის წესრიგში დადგა მათი გასაღების საკითხი, და, აი ჩვენი ტელეეკრანები, რადიო თუ პრესა, წალეკა სარეკლამო განცხადებებმა-“ გახდით ჩვენი კლიენტი და თქვენ მოგეხსნებათ მრავალი პრობლემა“, “ჩვენი პროდუქცია საუკეთესოა“, “იყიდეთ მხოლოდ ჩვენთან“, და ჩვენც ვყიდულობთ.ოცნებიდან ახალი რეალობისაკენ მიმართულ ჩვენს უკანასკნელ დანაზოგებას ვანდობთ ბანკებს, რომელთათვისაც მთავარი კაპიტალი კლიენთა ნდობაა, და ათასობით იმედგაცრუებული და მოტყუებული ადამიანი ელოდება სასწაულს.....და მაინც რეკლამა ჩვენი თანამგზავრია.ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სოციოლოგებმა ჩაატარეს გამოკითხვები, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 74 პროცენტს რეკლამა მიაჩნია ყოველდღიურობის აუცილებელ ელემენტად, 70 პროცენტი თვლის, რომ რეკლამა მათ ეხმარებათ ამა თუ იმ საქონლის შეძენაში, 14 პროცენტს რეკლამა სუფთა წყლის სიცრუედ მიაჩნიათ და მის არსებობას ზედმეტად თვლის.
დიდი ამერიკელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი წერდა: “ მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ამერიკის ტელევიზია ცდილობს დილიდან საღამომდე ჩააგონოს ამერიკელს, რომ ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება არ არსებობს, მთავარი-ეს არის განგსტერები, ლამაზმანები დ აუცილებლობა დავემორჩილოთ რეკლამას“.დღემდე მსოფლიო სარეკლამო საქმის მთავარ საფუძვლად ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზი რჩება. პოტენციური მყიდველის რთულ, დაფარული სამყაროს ლაბირინთებში გარკვევა(“მე ვიცი ყველაფერი შენს შესახებ“)-აი, ამერიკული რეკლამის მთავარი ლოზუნგი. ცივილიზირებულ ქვეყნებში რეკლამის ლამისაა მაგიურ ძალას ანიჭებენ. კარგი სარეკლამო კამპანია მოგების გარანტიაა. რეკლამის ისტორიიდან ცნობილია ასეთი ფაქტი: როდესაც ამაერიკულ ბაზარზე პირველად გამოჩნდა “კოკა-კოლა“, ყოველდღიურ ჟურნალებში იბეჭდებოდა სარეკლამო განცხადებები, რომელზედაც მიკრული იყო ამ სასმელის უფასოდ მიღების ტალონი. სწორედ ამ სარეკლამო ტრიუკმა განაპირობა “ კოკა-კოლას“ ტრიუმფალური სვლა მსოფლიო ბაზარზე, “ქალები ყიდულობენ არა პროდუქციას, არამედ ოცნებას, კოსმეტიკის მეწარმეები ჰყიდიან არა ლანოლინს, არამედ იმედს, ჩვენ ვყიდულობთ არა ავტომობილს, არამედ პრესტიჟს“-წერს ლუი ჩესკინი, ამერიკული რეკლამის მთავარი თეორეტიკოსი. ყოფიერებამ გათბობის მამაპაპური საშუალება-ბუხარი და ღუმელი დაგვიბრუნა, მაგრამ შეშა? -დაგვირეკეთ და ჩვენ გადაგიწყვეტთ ამ პრობლემას“, “გსურთ თქვენი ღიმილი იყოს უბადლო? ნუ დააყოვნებთ, გვეწვიეთ და კმაყოფილი დარჩებით“--მოგვიწოდებენ ქართული სარეკლამო საქმის პიონერები. ასეა თუ ისე, გვინდა თუ არ გვინდა, რეკლამა სრული სვლით იკაფავს გზას ჩვენი ცხოვრების ლაბირინთებში, და აი, როგორც ვ.ნოვოდვორსკაია ამბობს: “თუ ტელევიზიით რეკლამას ვეღარ დაინახავთ, ჩათვალეთ, რომ სოციალიზმი დაბრუნდა“.
ნანა ხახუტაიშვილი
|