მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ მოლაპარაკებების პროცესის წარმატებას და შედეგს:
· მხარეთა ინტერესების ბალანსის დაცვა;
· მიღწეული კომპრომისების წონასწორობა;
· მისაღწევი შეთანხმებების ჰარმონია.
მოლაპარაკებების შედეგების ბალანსის და ჰარმონიის ნებისმიერი დარღვევა მიგვიყვანს პიროსის გამარჯვებამდე ან იმედგაცრუებამდე, შექმნის ინტერესების დაუცველობის/დისბალანსის ან მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეების ურთიერთ შეურაცმყოფელ გრძნობებს.
მოლაპარაკება იქნება წარმატებული, როდესაც ორივე მხარე:
· აღიარებს ურთიერთობის ღირებულ მნიშვნელობას და გააჩნია ერთობლივად მისი გაგრძელების სურვილი;
· აქტიურად მონაწილეობენ პროცესში;
· ითვალისწინებენ, პატივს სცემენ ერთმანეთის შეხედულებებს, ფასეულობებს, სარგებელსა და მიზნებს;
· შეუძლიათ გამიჯნონ პიროვნება და პირადი განსახილველი საკითხებისგან;
· თანამშრომლობენ ისეთი გადაწყვეტილებების შემუშავებაში, რომლებიც მისაღები გახდებიან მხარეებისათვის.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: როდესაც ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში არა ვართ მანტორები, ვართ მოლაპარაკების თანამონაწილეები, მაგრამ ამ მოლაპარაკებაში გაგვაჩნია კონკრეტული მიზნები და ამოცანები.
· დაამყარეთ ტრანსპარენტული ურთიერთობა.
· პატივი ეცით მეორე მხარეს.
· ყოველთვის ეცადეთ ამოიცნოთ და მოახდინოთ პრობლემის იდენტიფიკაცია.
· ეცადეთ მოძებნოთ გადაწყვეტილება მრავალი წყაროს გამოყენებით.
· ითანამშრომლეთ ურთიერთშეთანხმების მისაღწევად.
· იყავით საიმედო და ეცადეთ შეინარჩუნოთ კავშირები.
მოლაპარაკების ეფექტურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს კომუნიკაციის ურთიერთ დაკავშირებული უნარების კომპლექსი:
· საუბრის გამართვის უნარი,
· მოსმენის უნარი,
· აღქმის/გაგების უნარი.
საუბრის გამართვისა და მოსმენის უნარების გარეშე შეუძლებელია მიაღწიოთ სრულფასოვან ურთიერთგაგებას.
საუბრი. მოლაპარაკების პროცესში დისკუსიის აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა ინდივიდუალურ, ცალკეულ საკითხებზე, არამედ მხარეებისათვის საერთო საქმეებზე. საუბარი უნდა დავიწყოთ მოლაპარაკების საგნის ან არსებული პრობლემის მხარეებისათვის გასაგები ფორმულირებით. საჭიროა აგრეთვე ფაქტებისა და გრძნობების მკაფიო, ექსპრესიული ახსნა- განმარტება, რათა წარმოაჩინოთ საკუთარი აზრი. ნებისმიერ სიტუაციაში ყოვლად დაუშვებელია სხვა პირის დადანაშაულება, რაც აიძულებს მას დაიკავოს კონსტუქტიული და პროდუქტიულის ნაცვლად თავდაცვითი პოზიცია.
მოსმენა - არის სხვა ადამიანზე ყურადღების აქცენტირების აქტიური პროცესი. აქტიური მოსმენა და მზერითი კონტაქტის შენარჩუნება არწმუნებს მეორე მხარეს, რომ მისი აზრი ესმით, რომ მას აღიქვამენ და მის მოსაზრებას პატივს სცემენ. ეს უნარი დაგეხმარება იმის დემონსტრირებაში, რომ დაინტერესებული ხართ გაიგოთ რას გეუბნება vis-a-vis. პირიქით -ყურადღების და მოსმენის დასუსტებამ შესაძლოა გამოიწვიოს გაუგებრობები, ხელი შეუწყოს არასწორი გადაწყვეტილების ფორმირებას და გაჭიანურებული, გაუმართლებელი კონფლიქტების შექმნას.
აღქმა/გაგება. თუ არ მიიღწევა ერთმანეთის პრობლემებისა და მიდგომების გათვალისწინება მოლაპარაკების პროცესი შეიძლება შეწყდეს და გაუთვალისწინებლობამ შეიძლება განაპირობოს არაპროდუქტიული გადაწყვეტილების მიღება. ამ ვითარებაში აქტიურმა მოსმენამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთგაგებას. სანამ დაიწყებთ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალის ძებნას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რას ამბობს სხვა პირი და აგრეთვე მის ქცევას. გარდა ამისა სხეულის ენა, მათ შორის სახის გამომეტყველება, ხელების ჟესტები და მზერითი კონტაქტების ხარისხი მოგაწვდიან ინფორმაციას სხვა პირის აზრებსა და გრძნობებზე.
ცნობილია, რომ საუბარი და მეტყველება აგრეთვე წარმოადგენენ პიროვნების პერსონალური პარამეტრების/მახასიათებლების მნიშვნელოვან ინდიკატორს და დახვეწილ მაჩვენებელს. მოლაპარაკებაში მონაწილე პიროვნების მდგომარეობის განსაზღვრაში მეტყველების ფაქტორების გათვალისწინება მოგცემთ მნიშვნელოვან და საიმედო ინფორმაციას, რომლის დამალვა მას გაუჭირდება.
მაგალითად, ემოციური დაძაბულობის მდგომარეობაში ადამიანს უჭირს საკუთარი აზრის გამოხატვა, ის სირთულეს განიცდის სიტყვების არჩევისას. მშვიდი პირობებისგან განსხვავებით იზრდება პაუზების რიცხვი და ხანგრძლივობა, რომლებსაც ‘გაუბედაობის პაუზებს“ უწოდებან და ემოციური დაძაბულობის მტკიცებულებად მიიჩნევენ. ამ პირობებში მეტყველებას ახასიათებს სტერეოტიპული ფრაზების გამოყენება, ლექსიკა ხდება ნაკლებად მრავალფეროვანი. ადამიანი იყენებს მისთვის ყველაზე დამახასიათებელ სიტყვებს, აქტიურად მიმართავს შაბლონებს.
ემოციურად დაძაბული მეტყველების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ფრაზების გრამატიკული დაუსრულებლობა. ხშირად შეიმჩნევა გამონათქვამების ლოგიკურობის და თანმიმდევრულობის დარღვევა, რაც იწვევს ორაზროვნების და გაურკვევლობის შთაბეჭდილებას. ამგვარ მდგომარეობაში მყოფი სიტყით გამომსვლელი სცდება ძირითად აზრს, იწყებს ფოკუსირებას დეტალებზე, რაც ართულებს მისი აზრის აღქმას. დაშვებული შეცდომების განცდის შედეგად ის ცდილობს მათ გამოსწორებას და უფრო მეტად იბნევა.
აღქმა ემოციური დაძაბულობის მდგომარეობაში ხასიათდება რიგი მახასიათებლებით: უარესდება ზეპირი/სიტყვიერი ინფორმაციის დამუშავების უნარი. ამის შედეგად მნიშვნელოვნად იცვლება და ქვეითდება აზრის აღქმა და შესაძლებელს ხდის ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას.
მოლაპარაკების პროცესში წარმატების მიღწევისათვის არ უნდა დაუშვათ და უნდა გამოვრიცხოთ:
· უმიზნო ლაპარაკი და ჭარბი სიტყვამრავლობა, ძირითადი თემიდან აცდენა, მოლაპარაკებაში მონაწილე მოსაუბრის სიტყვის რეგულარული შეწყვეტა, უმართავ ემოციებში „გადახვეწა“;
· თანამოსაუბრის არმოსმენა, მასთან მზერითი კონტაქტის დაკარგვა, საკუთარ აზრებში და გრძნობებში ჩაკეტვა, მიმდებარე სივრცის დისფუნქციური თვალიერება;
· დაუფიქრებლად ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ამის სრაფად გაკეთება არც იყო საჭირო ან როცა კითხვა ბოლომდე არც მოისმინეთ;
· დაუსაბუთებელი ზეპოზიტიური ქცევა, მაგალითად, როდესაც თქვენ აფქვევთ კომპლიმენტებს, ქათინაურებებს, ავტომატურად ეთანხმებით პირველივე წინადადებას;
· ნეგატიური ქცევა და ემოციები, უცენზურო ლექსიკა, ჰიპერაქტიური ჟესტიკულაცია, კამათი მხოლოდ თქვენი „პრინციპულობის“ დემონსტრირებისთვის;
· გაუმართლებელი დაჩქარება, რომელიც მკაფიოდ გამოიხატება მოლაპარაკების დასასრულს და შეთანხმებების რეზიუმირების, შესრულების კონტროლის მექანიზმის ფორმულირების ნაცვლად თანამოსაუბრისთვის შეხვედრის ფინალისკენ ძალდატანება;
· დაუხვეწავი ჯესტები და ნერვული ჟესტიკულაცია, გარდა ამისა მოლაპარაკებების მსვლელობისას სხეულის პოზიციის, პოზების მუდმივი ცვლა, ზედმეტად დაძაბული მიმიკა, ხელში კალმის დაუსრულებელი ტრიალი, თითებით მაგიდაზე კაკუნი და ა.შ.. |