დავიწყოთ განმარტებით - რა არის სიხარბე, რაში და როგორ ვლინდება იგი?
ზოგი ლექსიკონი სიხარბეს განმარტავს, ხოლო Translate თარგმნის -როგორც გაუმაძღრობა/სიძუნწეს. თუმცა მათ განსაზღვრებაში არის გარკვეული სხვაობა.
სიხარბე, მის ნებისმიერ გამოვლინებაში - წარმოადგენს უზომო მოგების და უსასრულო გამორჩენის დაუოკებელ სურვილს, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, თუნდაც ყოვლად მიუღებელი ხერხით და დაუშვებელი საშუალებით, მატერიალური სარგებლის მიღწევის პათოლოგიამდა მისულ მისწრაფებას.
გაუმაძღრობა/სიძუნწეც – ასევე უზომო ქონებისა და მატერიალური სიმდიდრის მიღების დაუოკებელი მისწრაფებაა. ოღონდ, ამასთან ერთად იგი შეიცავს მათი დაგროვების მუდმივ სურვილს, რომელსაც თან ახლავს მიღწეული ქონების თუნდაც უმნიშნელო ნაწილის შესაძლო დაკარგვის უკიდურესად მტკივნეული განცდაც. გაუმაძღრობა/სიძუნწე არ წარმოადგენს ადამიანის ბუნების მხოლოდ და მხოლოდ მახასიათებელ თვისებას, არამედ, დაუფლებული ქონებიდან უმცირესი დანაკარგის თუნდაც უსაფუძვლო მოლოდინის შემთხვევაშიც კი ის ბადებს ძალზე ნეგატიურ, უმძიმეს გრძნობებსა და ემოციებს.
ამჟამად გთავაზობთ გავამახვილოთ ყურადღება უშუალოდ სიხარბეზე, როგორც პიროვნების ხასიათის თვისებასა და გამოვლინებაზე.
როგორც წესი, ის ხდება ადამიანის ბუნების ნაწილი და წარმოშობს ისეთ გამოვლინებბებს, როგორიცაა ანგარება, მომხვეჭელობა,მექრთამეობა, გამოძალვა და როგორც უკვე ავღნიშვენეთ სიძუნწე და გაუმაძღრობა.
ამასთან კავშირში უნებურად შეიძლება გაგახსენდეს, რომ ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ რომაელი ფილოსოფოსი სენეკა აღნიშნავდა: "ღარიბს უნდა მცცირე რამ, მდიდარს - ბევრი, ხოლო ხარბს - ყველაფერი", ან ფრანგი სატირიკოსის გამონათქვამი - უზომოდ ხარბ ადამიანს რომც აჩუქო მთელი სამყარო, იგი აუცილებლად მოითხოვს შესაფუთსაც, რომელშიც აპირებს მის შეხვევას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, მსოფლიოს ხალხთა უმრავლესობის ეპოსში და მხატვრულ ლიტერატურაში სიხარბე განიხილება, როგორც მრავალი ტრაგედიის, ცოდვილი ქცევის, ზოგჯერ კი მძიმე დანაშაულის გამომწვევი მიზეზიც კი.
მართლმადიდებლურ ეთიკაში, 8 ცოდვილი ვნებიდან, იგი მიიჩნევა ერთ -ერთ ცოდვილ ვნებად, კათოლიციზმში კი ცოდვად - 7 მომაკვდინებელი ცოდვიდან და, რომ სიხარბე ბადებს ადამიანის გაბოროტებასა და გულჩათხრობილობას. ლუკას სახარებაში (12; 15) ამ მხრივ მითითებულია - „...ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან“. ანუ, რომ თავი უნდა დაიცვა ამ ცოდვისგან და, რომ ადამიანის სიცოცხლე არ არის დამოკიდებული მისი ქონების სიუხვეზე.
ისლამშიც ხაზგასმით მითითებულია, რომ სიხარბითა და მომხვეჭელობით შეპყრობილი ადამიანი მსჯავრის ღირსია, ხოლო წინასწარმეტყველ მუჰამედის ერთ -ერთ ჰადისში ნათქვამია: "პირველნი, ვინც განიცდიან მომაკვდინებელ ტანჯვას, იქნებიან ოქროსა და ვერცხლის ფულის მონები".
სამწუხაროდ, დაუოკებელი სიხარბით და გაუმაძღრობით შეპყრობილ ადამიანს მხოლოდ, თუ გინდ უღირს ფასად, განუზომელი სიმდიდრის შეძენა უქმნის პოზიტიურ შეგრძნებასა და ბედნიერების განცდას.
ზუსტად ამაზე მეტყველებს ძველი რომაელი ისტორიკოსის გაიუს სალუსტიუს კრისპუსის აზრი: „ სადაც სიმდიდრე პატივშია, იქ არაფრად აგდებენ კარგ თვისებებს“ და, რომ "სიხარბე ყოველთვის უსაზღვროა, დაუოკებელია და არ კლებულობს არც სიუხვისა და არც სიმცირისას". ჩინური ანდაზაც ადასტურებს, რომ "ფული აღაგზნებს ხარბს და არ ახდენს მის გაძღომას".
როგორ დაძლიოს ადამიანმა ეს ცოდვილი ვნება საკუთარ თავში?
უპირველეს ყოვლისა, ალბათ უნდა განსაზღვროს სად და როგორ შეჩერდეს საკუთარ მისწრაფებებში, კმაყოფილდებოდეს შეძენილით და რეალურად შეესაბამებოდეს თავის ნამდვილ პოზიციას სოციალურ იერარქიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ხშირად ხდება ცხოვრებაში, მანკიერი და ცოდვილი ვნების გამო, შეიძლება დაკარგოს რაც უკვე გააჩნია და რასაც მიაღწია.
აუცილებელია გავაცნობიეროთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ცხოვრება სწრაფწარმავალია, ხოლო სიხარულის ხანგრძლივობა, რომელიც მოაქვს სიხარბეს - ხანმოკლეა.
იქნებ დავუჯეროთ და მივჰყვეთ ალექსანდრე მაკედონელის დამრიგებლის, არისტოტელეს სიბრძნეს, რომელშიც ის განგვიმარტავს - „ჩვენ ვართ ის, რასაც ვაკეთებთ დღიდან დღემდე. პირადი ქმედებების მართვის უნარი აყალიბებს ხასიათს, ხოლო ხასიათის წყალობით ადამიანი იძენს საკუთარი ცხოვრების წარმართვის უნარს“.
|