სამუშაო ადგილის მოძებნა საპასუხისმგებლო სამსახურად უნდა აქციოთ, დაუზარებლად და გონივრულად უნდა ემსახუროთ ამ საქმეს. ამ მიზნით ზოგიერთ ეფექტურ მეთოდს გაგაცნობთ, მათგან მოირგეთ თქვენთვის მოსახერხებელი, მაგრამ შედეგის მიღწევის შანსის გაზრდისათვის გირჩევთ ერთდროულად გამოიყენოთ ყველა ჩამოთვლილი გზა და საშუალება:
• სამსახურის ძებნა შესაძლებელია ნაცნობებისა და ნათესავების დახმარებით. ეს მეთოდი ეფექტურია მხოლოდ მათი პროფესიული კონტაქტების სიდიდის შემთხვევაში. აუცილებლად უნდა გააცნოთ თქვენ ნაცნობებსა თუ ნათესავებს, რომლებზეც ამყარებთ იმედს, თქვენი CV - ის ყველა პარამეტრი, რათა მათ შესძლონ პოტენციალურ დამსაქმებლამდე სრულად მიიტანონ ინფორმაცია თქვენი განათლების, უნარ-ჩვევების, პრაქტიკული გამოცდილების თაობაზე. ნუ დაენდობით ფუჭი დაპირების მოყვარულებს, არც იმ ადამიანებს, რომელთა ქცევაში იკითხება თავიდან თქვენი მოცილების დაუფარავი სურვილი. მათზე იმედის დამყარება - საკუთარი თავის მოტყუების ტოლფასია.
• სამუშაო ადგილის მოძებნა ვაკანსიების თაობაზე გაზეთებში გამოქვეყნებული განცხადებებითაც შეიძლება, ამისათვის შესაბამისი გაზეთები ყოველდღიურად შეიძინეთ (ან ბიბლიოთეკაში გადახედეთ), მოინიშნეთ მოსაწონი ვაკანსიები და სამსახურში მიღების პირობების დასაზუსტებლად გადაუდებელად დაუკავშირდით დამსაქმებელს. აცნობეთ, რომ ეს სამუშაო ადგილი თქვენთვის საინტერესოა. გაერკვიეთ როდის, სად და რა წესით უნდა მოიპოვოთ ეს სამსახური. ეცადეთ დაასწროთ სხვა მაძიებელს, რათა CV - ის ჩასაბარებლად არ მოგიწიოთ რიგში დგომა.
• არის სხვა გზაც - გამოაქვეყნეთ თქვენი CV გაზეთებსა და ინტერნეტში, ეცადეთ განცხადებაში დააფიქსიროთ ზომიერი მოთხოვნილებები, რათა წინასწარ თქვენ მიმართ ცუდათ არ განაწყოთ პოტენციალური დამსაქმებელი. თუ ეს ხერხი თქვენ ქალაქში ან რეგიონში მოქმედებს და გამოავლენთ გონიერ პრეტენზიებს, თქვენ შემოგეხმიანებიან.
• შეგიძლიათ მიმართოთ დასაქმების (ალბათ უფრო კერძო) სააგენტოებს. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ქვეყანაში მათი სიმრავლით და შესაძლებლობებით განებივრებულები არა ვართ. მიუხედავად ამისა რას კარგავთ - ამ ხერხმაც შეიძლება ”გაისროლოს”. ხოლო თუ თქვენი მიმართვის დროსათვის სააგენტოს გააჩნია ვაკანსიების ჩამონათვალი - გადახედეთ მას და სცადეთ ბედი.
• ბოლო დროს, განსაკუთრებით დედაქალაქში, პოპულარული გახდა სამსახურის ძებნა Internet - ის მეშვეობით. ამ საშუალების ეფექტურად გამოყენებისათვის სამი წესი არსებობს. პირველი - ძიებითია: კარგად დაათვალიერეთ წამყვანი საიტების ვაკანსიებისა და განცხადებების გვერდები, ეგებ რომელიმე ვაკანსიამ თქვენში ინტერესი გამოიწვიოს. მეორე - პასიურია: გამოაქვეყნეთ თქვენი განცხადება და CV საიტებზე, დაელოდეთ, ნუ დაკარგავთ იმედს, შეგეხმიანებიან. მესამე - აქტიურია: მიზნობრივად დაუგზავნეთ თქვენი CV ინტერნეტში ვაკანსიების ყველა განმცხადებელს. დაიმახსოვრეთ, რომ ინტერნეტში ძიება ძალზე აქტიური უნდა გახადოთ. გარდა job - საიტებისა ვაკანსიებს ფირმები საკუთარ, კორპორატიულ ან დარგობრივ საიტებზეც აქვეყნებენ. თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე დაადგინეთ ამ სახის საიტების ჩამონათვალი და ჩაიხედოთ თვითოეულ მათგანში, ეძებეთ გულმოდგინედ, შესაძლოა თქვენთვისაც მოიძებნოს საინტერესო წინადადება.
• არსებობს უშუალოდ პოტენციალურ დამსაქმებელთან მიმართვის გზაც. მაგალითად, გაზეთებში და ინერნეტში ძებნის პროცესში თქვენ არ შეგხვედრიათ იმ კომპანიების მიერ ვაკანსიების გამოცხადება, რომლებშიც ისურვებდით სამსახურის დაწყებას. ჩამოწერეთ მათი სია, მოიპოვეთ ხელმძღვანელების ან HR - მენეჯერების ტელეფონის ნომრები და ელ.ფოსტის მისამართები, დაუკავშირდით, მოიკითხეთ - უახლოეს მომავალში ხომ არ გამოუჩნდებათ სამუშაო ადგილი, აცნობეთ მათი კომპანიის მიმართ თქვენი განწყობა და მოკლე მონაცემები თქვენ შესახებ, დააფიქსირეთ მათთან თანამშრომლობის დაინტერესება. თუ კი თქვენ გონივრულად წარმართეთ საუბარი და არ გამოიწვიეთ გაღიზიანება კონტაქტი დაასრულეთ თანხმობის მიღწევით იმის თაობაზე, რომ ყოველ შემთხვევისათვის მაინც გაუგზავნით CV - ის. არ გაგიკვირდეთ, რომ რეაქცია მაშინვე თუ არა მომავალში მაინც მოჰყვეს.
• თქვენ ალბათ ვერც წარმოგიდგენიათ, რომ მიუხედავად კრიზისისა, შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილები მაინც მოიპოვება: არსებობენ გამოუცხადებელი ვაკანსიებიც, რომელთა შესახებ ფირმებთან პირდაპირი და უშუალო კონტაქტების გარეშე ინფორმაციას ვერ მოიპოვებთ. გამოავლინეთ და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობაც, მაგრამ ამ მეთოდის გამოსაყენებლად მრავალი მისამართით CV - ის და წერილების დაგზავნა მოგიწევთ. ეცადეთ ეს მცდელობაც - საქმედ აქციოთ.
• აგრეთვე სამუშაო ადგილის მოძებნის მრავალი არა ორდინალური ხერხები არსებობს. თუ დაინტერესდებით და დასვამთ შეკითხვებს, მათ თაობაზეც მიიღებთ განმარტებებს. |