შენი სკოლა ყველაზე უკეთესია, მხოლოდ იმიტომ, რომ ის შენია. თუ აქამდე ეს გიგრძნია - ცხოვრება და სწავლა სკოლაში, რომელიც არ გიყვარს - ნამდვილი ტანჯვაა, უნდა შეიყვარო შენი სკოლა. გახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი,განსხვავებულები ვართ, ეცადე მოიქცე ისე, რომ შენ გარშემო მყოფი ადამიანები კარგად გრძნობდნენ თავს. მოექეცი მათ ისე, როგორც გსურს, რომ გექცეოდნენ შენ.
სასკოლო ცხოვრება რთული და მრავალფეროვანია, მასში ბევრი რამ არის სასიხარულო, მაგრამ ზოგი რამ შეიძლება სამწუხაროც იყოს. ისწავლე უსიამოვნებებთან გამკლავება და მათი ატანა. პირადი წარუმატებლობის გამო ჯავრს ნუ იყრი თანაკლასელებზე. ამ შემთხვევაში ცუდი, რაც შენ შეგემთხვა სწრაფად ჩაივლის.
შენ მუდმივად იზრდები, ვითარდები და იცვლები. დაეხმარე საკუთარ თავს იმისათვის, რომ გახდე კარგი ადამიანი. გსურს შენ ეს თუ დიდად არცა გსურს, მაგრამ სწავლა საჭიროა, შენ ხომ არა გინდა, რომ დარჩე უვიცი. უსაქმურობითა და სიზარმაცით ნუ შეურაწყოფ საკუთარ თავს. დაგვიჯერე, რომ ცოდნა, რომელსაც ახლა იძენ მუდმივად დაგჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში,
თუ დაუშვი შეცდომა ან გადადგი მცდარი ნაბიჯი - ნუ გაჯიუტდები, საკუთარი თავის წინაშე მაინც აღიარე ეს, არ დაადგე სიცრუის გზას, არ ეცადო მრუდე ხერხებით ვითარებიდან გამოძრომა. პირმართალი იყავი პირველ რიგში საკუთარ თავთან და მეგობრებთან თუ არ გინდა მათი სამუდამოდ დაკარგვა.
გვერდით დაუდექი სუსტს, დაეხმარე მეგობარს, ნუ დაელოდები სანამ ის ამას გთხოვს. ეცადე იცხოვრო ისე, რომ სარგებლობა მოუტანო არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ შენ გარშემო მყოფ ადამიანებსაც.
გაუფრთხილდი სასკოლო მეგობრობას - ის ხომ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გამოგყვეს. არ დაივიწყო და ნუ უღალატებ სკოლის მეგობრებს. ისინი შენ ყოველთვის კეთილად უნდა გიხსენებდნენ, ამას კი მხოლოდ სიტყვით, საქმით, შენი ქცევითა და ცხოვრების წესით დაიმსახურებ. |