ვინ იყო პირველი პროგრამისტი? უცნობი ამბავი - ნაცნობ თემებზე.
ალბათ ღამეებს უთევთ საყვარელ კომპიუტერს ან ახლახან დაიწყეთ ინტერნეტის უძირო სამყაროში ჩაფლობა, გარდა გასართობი საიტებისა მეგობრებთან საუბრის წამყვანი თემაა - ახალი ”სუპერპროგრამები”, პროგრამისტებს კი გენიოსებად თვლით. ამაში არ სცდებით, ზოგი პროგრამის შემქმნელი მართლაც ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მაგრამ თუ იცით, ვის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამირებაში ის იყო ერთ-ერთი პირველთაგანი. არ იცით? გაკვირვებული დარჩებით! ბევრს გაგიგონიათ (ზოგს წაგიკითხავთ კიდევაც) ინგლისელი ლორდის, უდიდესი პოეტის - ჯორჯ გორდონ ბაირონის სახელი. მისი ასული, გრაფის მეუღლე ადა ლავლეისი (1815-1852 წწ) შეიძლება ჩაითვალოს პირველ პროგრამისტად. ბავშვობიდან ის დიდი გატაცებით სწავლობდა ასტრონომიას, ლათინურ ენას, მუსიკას, განსაკუთრებით კი -მათემატიკას. მან მიიღო ისეთი მათემატიკური ცოდნა, რომ შემდგომში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორთან ჩარლზ ბებბეჯთან ერთად მონაწილეობდა თანამედროვე კომპიუტერის წინაპრის ანალიტიკურ-გამოთვლითი მანქანის გამოგონებაში. ამ მანქანისათვის მან შექმნა რამდენიმე პროგრამა, რომლებიც ინახებოდა სპეციალურ პერფორირებულ ბარათებზე. შეიმუშავა პროგრამირების საკმაოდ მწყობრი თეორია, შემოიღო ისეთი ცნებები და ტერმინები, როგორიცაა: ”ციკლი”, ”მუშა უჯრედი”, ”განმანაწილებელი ბარათი”, განსაზღვრა რეკურენტული ფორმულების გამოთვლის ციკლურ პროცესებთან კავშირი, აღწერა ალგორითმიზაციის ძირითადი პრინციპები და შექმნა სანიმუშო გამოთვლითი პროგრამა, იწინასწარმეტყველა გამოთვლითი თექნიკის პრაქტიკული გამოყენების შესაძლო მიმართულებები: მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა, გრაფიკულად რთული ობიექტების კონსტრუირება და, წარმოიდგინეთ, კომპიუტერული თამაშებიც კი. მისი ნაშრომები გამოიცა 1843 წელს. მაგრამ იმის გამო, რომ მაღალ საზოგადოებაში, რომელსაც ის მიეკუთვნებოდა, ქალისათვის სათაკილოდ ითვლებოდა გამოცემაზე საკუთარი სახელის სრული მითითება, ლორდ ბაირონის ქალიშვილმა, ლედი ლავლესმა გამოცემის ტიტულზე დასვა მხოლოდ ინიციალები. ამიტომ ამ ნაშრომების ავტორი დიდი ხნის განმავლობაში უცნობი და დავიწყებული რჩებოდა.
ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ 10 დეკემბერს აღინიშნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე, რომელიც გაერომ დააწესა 1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების აღსანიშნავად. გეცოდინებათ ისიც, რომ 1901 წლის 10 დეკემბრიდან ალფრედ ნობელის გარდაცვალებისა და მისი სახელის აღსანიშნავად ამ დღეს დაწესებულია ნობელის პრემიის მინიჭება. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ნაკლებად ცნობილი უნდა იყოს თქვენთვის, რომ ადა ბაირონ-ლავლეისის დაბადების თარიღი - 10 დეკემბერი - საერთაშორისოდ აღიარებულია პროგრამისტის დღედ. წინა საუკუნის შუალედში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ა.შ.შ.
- ს შეიარაღებული ძალების ერთიანი პროგრამირების სახელწოდებად დაამტკიცა სახელი ”ADA”. შემდგომში ის იქცა NATO - ს ერთიანი პროგრამირების სახელწოდებად. იცოდით? საინტერესოა? |