ფსიქიკური დატვირთვები იწვევენ კუნთების დაძაბულობას. თუ სრულყოფილად დავეუფლებით ამ დაძაბულობისაგან გათავისუფლების ხერხებს ადვილად მივაღწევთ ნერვულ-ფსიკურ განტვირთვას. ..
ხერხი პირველი: ამისთვის - დააკვირდით სხეულის რომელი ნაწილების დაძაბვის შეგრძნება გექმნებათ ხოლმე ნერვული დატვირთვის დროს. შემდეგ: - დაბრძანდით უფრო მოხერხებულად, კომფორტულად და, თუ შესაძლებელია დახუჭეთ თვალები; - ისუნთქეთ ღრმად და მშვიდად; - ”შიდა მზერით” დაათვალიერეთ მთელი თქვენი სხეული, თავის კინკრიხოდან ფეხის თითების წვერებამდე (ან პირიქით) და დაადგინეთ მაქსიმალური დაძაბულობის ადგილები ( უმეტეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს კისერი, ტუჩები, პირი, ყბები, კეფა, მხრები, მუცლის კუნთები); - კარგად ჩაისუნთქეთ და ეცადეთ აკანკალებამდე დაძაბოთ თქვენს მიერ გამოვლენილი ისედაც დაძაბული კუნთი ან მისი ნაწილი; - შეიგრძენით მისი დაძაბულობა; - ამოსუნთქვაზე მკვეთრად მოიშორეთ, ჩამოაგდეთ ამ კუნთის დაძაბვა, მოადუნეთ ის; - ეს მოქმედება გაიმეორეთ რამდენიმე ჯერ. განტვირთულ კუნთში თქვენ შეიგრძნობთ სასიამოვნო სიმძიმესა და სითბოს. თუ ამ ქმედებით ვერ აღწევთ რომელიმე, მათ შორის სახის, კუნთის განტვირთვას ეცადეთ მიაღწიოთ ამ ეფექტს მისი მსუბუქი თვით მასაჟის მეშვეობით, რომელიც უნდა გააკეთოთ თითების წვერების წრეობრივი მოძრაობით. სახის კუნთების განტვირთვისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ გაკვირვების ან სიხარულის გრიმასი. ხერხი მეორე: აითვისეთ და თავისუფალ ან შესვენების დროს ჩაიტარეთ ხოლმე დაძაბულობის მქონე კუნთების გარკვეული ჯგუფების განტვირთვის თანმიმდევრობითი პროცედურა, რომლის დროსაც დაიცავით შემდეგი წესები: - გაათვითცნობიერეთ და დაიმახსოვრეთ დაძაბულისგან განსხვავებული განტვირთული კუნთის კონტრასტული შეგრძნება; - გახსოვდეთ, რომ კუნთის განტვირთვის, მისი ტონუსის მართვის თვითოეული ვარჯიში შესდგება სამი ფაზიდან: < დაძაბვა - შეგრძნება - განტვირთვა>; - აგრეთვე არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ კუნთის დაძაბვას თან ერთვის ჩასუნთქვა, ხოლო განტვირთვას - ამოსუნთქვა. ამ წესების დაცვით განტვირთვას შეგიძლიათ მიაღწიოთ კუნთების შემდეგ ჯგუფებში: - სახე ( შუბლი, ქუთუთო, ტუჩები ) - კეფა, მხრები; - გულმკერდი; - მუცელი, თეძო; - ხელის ტევანი; - ფეხის ქვედა კიდური. ხერხი მესამე: ეცადეთ მისცეთ მთელ ორგანიზმს დამშვიდების რიტმი. ამას შეიძლება მიაღწიოთ მონოტონური, რიტმული მოძრაობებით ან ქმედებებით: - შეკარით ერთმანეთში ხელები და ერთმანეთზე შეხებით ატრიალეთ ცერი თითები; - ათამაშეთ ხელში კრიალოსანი; - იქით - აქეთ ითვალეთ თქვენი მძივის რამდენიმე მარცვალი; - რამდენიმე ჯერ აუჩქარებლად გაიარეთ კაბინეტში, ოთახში ან დერეფანში და იმავდროულად პირველ ორ ნაბიჯზე მშვიდად ჩაისუნთქეთ, ხოლო ხუთ ნაბიჯზე - ამოისუნთქეთ.
ამ პუბლიკაციაში ჩვენ ჩამოგითვალეთ ნერვული დაძაბულობის მოხსნის რამდენიმე საკმაოდ მარტივი, მაგრამ იმავდროულად ეფექტური ხერხები. ზოგიერთი მათგანის პრაქტიკული გამოყენების სცენებს ალბათ დაკვირვებიხართ ბევრ დასავლურ მხატვრულ კინოფილმში და გიფიქრიათ - რას, რისთვის და რატომ აკეთებს ამას ნერვულ ან სტრესულ სიტუაციაში კინო გმირი. ვფიქრობთ, რომ ამ მასალის გაცნობის შემდეგ თქვენთვის უფრო გასაგები გახდება ხსენებულ ეპიზოდში კინო გმირის მოქმედებების დანიშნულება. აქვე გვინდა დავძინოთ, რომ ამ ხერხების ათვისება და მათი შედეგიანობა თქვენგან მოითხოვს ოდნავ მოთმინებას. გაინტერესებთ სხვა ტიპის ხერხები?
|