დღეს ალბათ იშვიათად თუ დაინახავთ ახალგაზრდა ადამიანს ხელში მობილური ტელეფონის გარეშე. და თუ რომელიმეს ჯერ არ გააჩნია, მისი შეძენა, ვფიქრობთ, დაგეგმილი ექნება უახლოეს პერსპექტივაში. მაგრამ, მიუხედავად სკოლაში ნასწავლი ფიზიკის კურსისა, ეჭვი გვეპარება, რომ ყველამ, ვისაც ხელთ უჭირავს ტელეფონი, იცის მისი გამოგონების შესახებ.
რუბრიკის პირველივე პუბლიკაციაში მოცემული შეპირების თანახმად მოკლეთ მოგითხრობთ თქვენი საყვარელი მობილური ტელეფონის გამოგონებისა და ”ევოლუციის” შესახებ.
უძველესი დროიდან ადამიანი ეძებდა დიდ მანძილზე ურთიერთობისა და ინფორმაციის ოპერატიული გადაცემის საშუალებებს და შეტყობინებებს გადასცემდა სხვა და სხვა ხერხით: მთის წვერზე კოცონის დანთების, დაფდაფის ან საეკლესიო ზარების რეკვისა და, წარმოიდგინეთ, სარკეზე არეკვლილი მზის სხივის მეშვეობითაც კი, ხოლო შემდგომ შიკრიკის (მაცნეს) ხელით გადაგზავნილი წერილის საშუალებით, რომელიც შორეულ მანძილზე დიდ ხანს უნდებოდა ამბის მიტანას. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ფრანგმა კლოდ შაპპმა გამოიგონა სისტემა, რომელსაც დაარქვეს ტელეგრაფი, რაც ნიშნავს - ”გწერ შორიდან”. ამაღლებულ ადგილებზე აშენებდნენ სასიგნალო კოშკებს, მათზე ამონტაჟებდნენ ორი გრძელი თამასის მქონე სპეციალურ ხის კონსტრუქციას. ამ თამასებს შეეძლოთ დაეფიქსირებინა 49 პოზიცია და თვითოეული მათგანი ასახავდა რომელიმე ასოს ან ციფრს.ამ მოწყობილობის მეშვეობით იმ დროინდელი ”ოპერატორები” კოშკიდან - კოშკზე გადასცემდნენ შეტყობინებას. რამდენიმე ათწლეულში საფრანგეთში შეიქმნა 4828 კილომეტრის სიგრძის ამ სახის გადამცემი ხაზები. 1837 წელს ინგლისელმა გამომგონებლებმა უილიამ კუკმა და ჩარლზ უიტსტონმა გამოიგონეს პირველი ელექტრო ტელეგრაფი: ელექტრო დენი გადაიცემოდა სადენით და მიმღებ მოწყობილობაზე ისარი უჩვენებდა გადაცემულ ასას. ხოლო 1843 წელს კუკის და უიტსონის კოდის სანაცვლოთ ამერიკელმა მხატვარმა სემიუელ მორზემ გამოიგონა ახალი სატელეგრაფო კოდი: თვითოეული ასო შეესაბამებოდა წერტილებისა და ტირეების კომბინაციას. ჩარლზ უიტსონმა დახვეწა ეს კოდი და ნიშანი უკვე იბეჭდებოდა ქაღალდის ლენტზე შემდეგ ეტაპზე კი ოპერატორებს უკვე შეეძლოთ ამ ნიშნების მოსმენაც. გრეხემ ბელმა, რომელიც ქალაქ ბოსტონში ასწავლიდა ყრუ-მუნჯთა სკოლაში შემდეგ კი ბოსტონის უნივერსიტეტში, ტომას უოტსონთან ერთად შექმნეს მოწყობილობა, რომელიც შესდგებოდა გადამცემისგან (მიკროფონი) და მიმღებისგან (დინამიკი). მიკროფონი ხმის ბგერებს აქცევდა დენის გარკვეულ სიხშირე, ხოლო დინამიკი მას კვლავ აქცევდა ბგერად. ამ მოწყობილობით პირველი სატელეფონო საუბარი შედგა 1876 წლის 10 მარტს: გ.ბელმა შარვალზე გადაისხა მჟავა და მოწყობილობის მეშვეობით დაუკავშირდა კოლეგას თხოვნით - ხომ ვერ შესძლებდა ის მოსვლას და უკვე 1883 წელს ბოსტონსა და ნიუ იორკს შორის გაიხსნა მუდმივი სატელეფონო კავშირი. შემდგომ ათწლეულებში სატელეფონო მოწყობილობამ განიცადა უამრავი ცვლილება და მუდმივად იხვეწებოდა: 1879 წელს - ედისონმა, 1880 წელს - კროსსლიმ, შემდეგ გოუვერმა და ბელმა გამოიგონეს განსხვავებული პრინციპით მომუშავე ტელეფონის აპარატები. ჩვენთვის ჩვეული თანამედროვე ტიპის ტელეფონის აპარატის უშუალო ”წინაპარი” შეიქმნა 1930 წელს.
მობილური სატელეფონო კავშირის იდეა გაუჩნდა კომპანია AT&T Bell Labs ჯერ კიდე 1946 წელს. 1947 წლიდან ამ ფირმამ შექმნა მსოფლიოში პირველი ავტოსაგზაო რადიო ტელეფონური კავშირის სერვისი, რომელიც წარმოადგენდა რადიო გადამცემისა და ტელეფონის ჰიბრიდს. ავტომობილის საბარგულში დაყენებული რადიო სადგურის, რომელიც იწონიდა 12 კილოგრამს, და მანქანის სახურავზე განთავსებული სპეციალური ანტენის საშუალებით უნდა დაკავშირებულიყავი სატელეფონო სადგურს და მისი მეშვეობით გაგეკეთებინა ჩვეულებრივი სატელეფონო ზარი. ამ სერვისმა გაუძლო ხუთ წელიწადს. კომპანია Motorola - მ უფრო სწრაფად მიაღწია წარმატებას. მან ფიჭური ტელეფონის პირველი მოდელის შექმნას მოანდომა 15 წელი და 100 მლნ. დოლარი. 1973 წლის 3 აპრილს, მანჰეტენზე მოსეირნე კომპანია Motorola - ს ინჟინერმა მარტინ კუპერმა გააკეთა რამდენიმე ისტორიული ზარი მობილური ტელეფონით, რომელიც იყო 25 სანტიმეტრი სიგრძის და 5 სანტიმეტრი სიგანისა და სისქის, იწონიდა ერთ კილოგრამამდე. როგორ ფიქრობთ პირველს ვის დაურეკა მარტინ კუპერმა? კონკურენტებს. ” ეს იყო ერთი ბიჭი კომპანია AT&T - იდან, რომელიც მუშაობდა საავტომობილო ტელეფონების გაყიდვის პრობლემებზე - იგონებს კუპერი - მე დაურეკე და მოუყევი, რომ ქუჩიდან ურეკავ ნამდვილი ფიჭური ხელის ტელეფონით. არ მახსოვს რა მიპასუხა, მაგრამ გავიგონე, როგორ ააკრაჭუნა კბილები” გაკვირვებული გამვლელები ვერ გებულობდნენ რა ხდებოდა იმიტომ, რომ პირველი გასაყიდი ფიჭური მობილური ტელეფონი DynaTAC 8000X გამოუშვეს მხოლოდ ათი წლის შემდეგ 1983 წლის 6 მარტს. ის იწონიდა 794 გრამს და მისი ზომები იყო 33 x 4,4 x 8,9 სმ., აკუმულატორი უძლებდა მხოლოდ ერთ საათ საუბარს. ის ღირდა- $3.995.მიუხედავად იმისა, რომ საფასური წარმოადგენდა იმ დროისათვის ძალიან დიდ თანხას, მობილური ტელეფონის ყიდვის მსურველთა რიგი იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი.და ისინი წლობით ელოდებოდნენ თავის რიგს. შემდეგ მობილური ტელეფონების წარმოებაში განვლო მთელმა ეპოქამ. International Telecommunication Union - ის მონაცემებით 1995 წლისათვის მსოფლიოში უკვე იყო 90,7 მილიონი მობილურის მფლობელი, დღეს ალბათ მათი რიცხვი მილიარდ ნახევარზე მეტია.
წაიკითხეთ აგრეთვე
ვინ იყო ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი
ეს -მართლაც საინტერესოა
დამწერლობის წარმოშობის ისტორიიდან
ქაღალდისა და კალმის გამოგონების ისტორიიდან
|