გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ლიდერ ქვეყანათა შორისაა. ორგანიზაცია `საერთაშორისო გამჭვირვალობის~ კვლევის თანახმად, ბოლო 5 წლის მაჩვენებლებით, საქართველოს წინსვლა რეიტინგში 57 საფეხურით მოხდა და 67-ე ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგში 86-ე ადგილზეა რუსეთი, რომელმაც 61 საფეხურით უკან დაიწია. ამასთანავე, უკრაინა, იტალია, ესტონეთი, ბულგარეთი, საუდის არაბეთი - იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკით აჯობა. პროგრესის თვალსაზრისით, საქართვლოს ჩამორჩებიან: ჩეხეთი, რუმინეთი, სამხრეთ კორეა და თურქეთი. ბიუროკრატიის დონე, ბიზნესის კეთების სიმარტივე და სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციასთან ბრძოლა - ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელა ”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” რეიტინგის დადგენისას.
ჯერ კიდევ ამ შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე `ახალ გაზეთს~ ქუთაისში მცხოვრებმა მშობლებმა მომართეს საჯარო სკოლებში არსებული კორუფციის თაობაზე. როგორც მათი ნაამბობიდან გაირკვა, ქუთაისელ მოსწავლეებს სკოლებში გამუდმებით თხოვენ 5-დან 20 ლარამდე თანხის მიტანას...
`ახალი გაზეთი~ მშობლების მიერ დასახელებული ფაქტებით დაინტერესდა. როგორც გაირკვა, `კორუფციის მძლეველ~ ქვეყნად მონათლული საქართველოს მეორე დედაქალაქში `აღებმიცემობა~ ძველებურად მძვინვარებს, ყოველ შემთხვევაში, ეს პრობლემა აშკარად დგას საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ სფეროში გატარებული რეფორმა კი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმადაა შეფასებული. ამ სტატიაში ჩვენ საჯარო სკოლებში არსებული კორუფციის ფაქტების შესახებ გიამბობთ, მომდევნო ნომრებში კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამ კუთხით არსებული პრობლემების თაობაზე ვისაუბრებთ.
როგორც გავარკვიეთ, კორუფციის დონე ქუთაისის საჯარო სკოლებში იმის მიხედვით იზრდება, თუ რამდენად ე.წ. ელიტარულია ესა თუ ის სკოლა. ჩვენ ამ სტატიაში რამდენიმე ფაქტს გაგაცნობთ და შეგნებულად არ ვასახელებთ იმ მშობლების ვინაობას, რომლებმაც ამ ფაქტების შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია. როგორც მათ გვითხრეს, ვინაობის გამჟღვანების შემთხვევაში, მათ შვილებს სკოლებში ”რეპრესიები” არ აცდებათ. იდენტიფიკაცია, რომ ნაკლებად იყოს შესაძლებელი არც კონკრეტულ ჯგუფებსა და მასწავლებლებს დავასახელებთ, რადგან არ გვინდა, რომ ძირეული პრობლემის დაძლევად მოინათლოს 1-2 მასწავლებლის `ზვარაკად შეწირვა~ და მათი სკოლიდან დათხოვა. ფაქტია, რომ პედაგოგები თანხების აკრებას ისე ვერ მოახერხებენ, თუკი ეს მათი ხელმძღვანელების მიერ არ არის წახალისებული. თანაც ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამას პედაგოგები დირექტორებისგან მალულად შეიძლება ჩადიოდნენ მასობრივად, ერთდროულად ყველა კლასში. ამიტომაც ამ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე ფაქტის თაობაზე გი¬მბობთ და ცხადია, მომდევნო ნომრებში ჩვენ ამ საკითხების გარშემო ძირეულ ჟურნალისტურ მოკვლევასაც შემოგთავაზებთ.
ფაქტი #1. ახალი 2009 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ #1 საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს ფარდებისა და დაფების შესაძენად 20-20 ლა¬რი მოსთხოვეს. აღნიშნულ სკოლაში 145 პირველკლასელი 5 ჯგუფშია გადანაწილებული. მარტივი კალკულაციით, 5 საკლასო ოთახის ფარდებისა და დაფებისთვის სკოლაში 2900 ლარია აკრებილი. ფაქტი #2 #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებში, პირველკლასელების გარდა, 10-10 ლარი აიკრიბა, ე.წ. `ფარდის ფული~. ამ მოსწავლეების რაოდენობა აღნიშნულ სკოლაში 1440-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს სკოლამ 14 400 ლარის ფარდები შეიძინა. ფაქტი #3. #3 საჯარო სკოლაში პირველკლასელებისგან აიკრიბა 10-10 ლარი სახატავი დაფის შესაძენად. აღნიშნულ სკოლაში 150-მდე პირველკლასელი ირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის სკოლამ 1500 ლარის ღირებულების სახატავი დაფები შეიძინა. ფაქ¬ტი #4. #3 საჯარო სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებისგან 5-5 ლა¬რი აიკრიბა, ე.წ. `ცოცხის ფული~. აღნიშნულ სკოლაში 1073 მოსწავლე ირიცხება, პირველკლასელების გარდა. თითოეულ ჯგუფში დაახლოებით 30-35 მოსწავლეა. შესაბამისად, ასევე, მარტივი კალკულაციით, მე-7 კლასის ერთი ჯგუფის ერთი ცოცხის შეძენა ამ სკოლას 150-175 ლარი დაუჯდა.
გვაქვს ფაქტები სხვა სკოლების შესახებაც, სადაც ყოველთვიურად ლარლარი და 2-2 ლარი იკრიბება მოსწავლეებისგან ე.წ. საკიდების მოსაწყობად, ნათურების შესაძენად, გათბობის მილების შესაკეთებლად და ა.შ.
ამ ფაქტებს დირექტორები გაუგებრობით და მასწავლებელთა თვითნებობით ხსნიან.
ვინ არის დამნაშავე? - მშობლები, რომელიც ამ ფაქტებზე ღიად არ საუბრობენ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე? მასწავლებელი? - რომელიც სამსახურის დაკარგვის შიშით მხოლოდ იმას ამბობს, რომ ასეთი ფაქტები არ არსებობს? თუ დირექტორი? - რომელიც მეტი დამაჯერებლობისთვის ასეთ განცხადებას აკეთებს: `თქვენი გაზეთის მიერ ამ ფაქტებზე ყურადღების გამახვილებას მივესალმები, რადგან ჯობია ამ ყველაფერზე ღიად საუბარი. ეს მშობლებსა და სკოლას შორის ურთიერთობას ხელს შეუწყობს. მე ვიქნები გარანტი, რომ მის ბავშვს არავინ დაჩაგრავს. მზად ვარ დავით აღმაშენებლის ძეგლთან მოვაწყო საჯარო განხილვა ამ საკითხებზე და ჩემი სკოლის ირგვლივ არსებული საკითხები იყოს საჯარო და გამჭვირვალე~, - ამბობს მე-3 სკოლის დირექტორი.
ვიდრე საკითხის განხილვა მოედანზე გადაინაცვლებს, დაინტერესებულ მხარეებს ტრიბუნას `ახალი გაზეთი~ თავაზობს, და ჩვენც უერთებით, რომ აღნიშნული თემა ვაქციოთ საჯარო განხილვის საგნად.
თეა ზიბზიბაძე ”ახალი გაზეთი” ქუთაისი
|