ჯინსის ”ბიოგრაფია” არ მოიცავს ძალიან დიდ პერიოდს, მაგრამ საინტერესოა მოვლენათა განვითარების მხრივ. მისი ხანმოკლე ისტორია იწყება იმით, რომ თავდაპირველად ის იყო ამერიკელი ოქროს მაძიებლებისა და კოვბოების სამუშაო ტანსაცმელი, საშუალო კლასის ადამიანთა სამოსის ნაწილი, შემდგომ იქცა ჰიპებისა და როკ მუსიკოსების ატრიბუტად და მთელ მსოფლიოში გახდა ახალგაზრდების საყვარელ ტანსაცმლად.
ჯინსის გამოგონება, როგორც უმეტესი გენიალური აღმოჩენა, აღსავსეა შემთხვევითობებით. 1853 წელს ევროპიდან (ბავარიის პატარა ქალაქიდან ბუტენხეიმიდან) ამერიკაში ჩამოვიდა ებრაული წარმოშობის ახალგაზრდა ადამიანი ვინმე - ლეიბ შტრაუსი (Loeb Strauss). ჯერ კიდევ გემზე მგზავრობის დროს მას უკვე ეძახდნენ ლევი სტრაუსს. მალე ოჯახური გარემოების გამო 24 წლის ლევი აღმოჩნდა ქუჩაში ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე. ხელთ ეჭირა მხოლოდ აფრისის (ტილო) ქსოვილის ერთი რულონი, რომელიც მემკვიდრეობით დარჩა მამისაგან. ნათხოვარი მაკრატლით ნემსითა და ძაფით ამ ქსოვილისგან პირველი შარვალი მან შეკერა საკუთარი ხელით და გაყიდა ერთ დოლარად და ოც ცენტად. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, 1853 წელს ქალაქ სან-ფრანცისკოში, ბეტტერის ქუჩაზე, ლევი სტრაუსმა გახსნა შარვლის კერვის სახელოსნო. კლასიკური ინდიგოს ფერის შეძენას ჯინსი აგრეთვე უნდა უმადლოდნენ ლევი სტრაუს, იმის გამო, რომ როდესაც მას დაუმთავრდა მამისგან შემორჩენილი ტილოს ქსოვილი, მან გამოიყენა ლურჯი ფერის ბამბისგან დამზადებული სარჟის მკვრივი ქსოვილი. ამ ქსოვილს ჯერ კიდე 300-ანი წლებიდან ამზადებდნენ საფრანგეთის ქალაქ ნიმში და მისი სახელწოდება წარმოიქმნა სიტყვებიდან (sairjh du NEEM) ტილოს ქსოვილი ნიმიდან.
ტილოს ამ ქსოვილს ერგო დიდი ისტორიული მნიშვნელობის ფუნქციების შესრულება. ამ ქსოვილიდან იყო დამზადებული გემების ”Pinta” და ”Santa Maria”-ს იალქნები და ამ გემებით ქრისტოფერ კოლუმბი გაემგზავრა ახალი ინდოეთის აღმოსაჩენად და აღმოაჩინა ამერიკა, რომელმაც მოგვიანებით მსოფლიოს აჩუქა ამავე ქსოვილისგან შეკერილი შარვალი, რომელსაც დაერქვა ჯინსი. ჯინსის სახელწოდების წარმოშობის საკითხიც ფრიად საინტერესოა. ქსოვილი გემებზე იტვირთებოდა იტალიის საპორტო ქალაქში - გენოა და ამიტომ ქსოვილის ფუთებს ეწერა გამოგზავნის ადგილი ”Genoese”, რასაც ამერიკელები თავისებურად კითხულობდნენ, როგორც”jeans”, ანუ ჯინს. როგორც ფიქრობენ ამიტომაც შარვალს დაერქვა ეს სახელი. ცოტა ხანში ლევის ბიზნესში შეექმნა პრობლემა: ოქროს მაძიებლებს, რომლებიც ჯიბეებში ინახავდნენ თვითნაბად ოქროს, სწრაფად აწყდებოდათ შარვლის ჯიბეები და საჭირო გახდა მათი როგორმე გამაგრება. მყარი ქსოვილის ცხენის კაზმულობის მოქლონების მეშვეობით დამაგრების ხერხი უკვე მოფიქრებული ჰქონდა ბალტიის პირეთიდან ჩასულ და ნევადაში მცხოვრებ მკერავს იაკობ დევისს,მაგრამ სიღარიბის გამო მან ვერ შესძლო თავის გამოგონებაზე პატენტის აღება და ამ წინადადებით მიმართა ლევი სტრაუსს. 1873 წელს მათ მიიღეს პატენტი, გახდნენ პარტნიორები და გამოუშვეს ახალი ორიგინალური მოქლონებიანი ჯინსები ”ლივაისი.”
1873 წლის 20 მაისი, როდესაც ფირმამ ”ლივაი სტროსს ენდ კომპანი” მიიღო ლიცენზია და განსაკუთრებული უფლება მოქლონიანი ჯიბეების მქონე შარვლების წარმოებაზე, შეიძლება ჩაითვალოს ჯინსის ოფიციალურ დაბადების დღეთ. 1886 წლისათვის ლევი სტრაუსის შარვლების ფასმა უკვე 22 დოლარს მიაღწია, მას ქამრის უკანა ნაწილზე დაიკერა ტყავის იარლიყი (label), რომელზეც ასახული იყო ორი ცხენი, რომლებიც უშედეგოდ ცდილობენ ლევის საფირმო ჯინსის გაგლეჯას. 1890 წლიდან ჯინსებზე ისმეოდა გამოშვებული პარტიის ნომერი. პირველი ნომერი იყო 501. ასე გაჩნდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდი - «Levis 501».
შემდგომ საუკუნეში, 1981 წელს კომპანიამ გამოუშვა ჯინსის მოდელი ქალებისათვის და ჯინსებით გატაცებამ მოიცვა ქალთა სამყარო. ხოლო ჰიპების ეპოქამ, როგორც თავისუფლების გამოხატვის ნიშანი, შემოიტანა ჯინსის ქსოვილისგან ქურთუკების, ქვედა ბოლოებისა და კაბების კერვისა და სხვა და სხვა აქსესუარების, ჩანთების და ფეხსაცმლის დამზადების მოდა. დრომ შეიცვალა ჯინსის ფერებიც: დღეს ფერთა გამა უკვე მრავალსახოვანია. ამიტომაც მაღალი დონის დიზაინერთა უმეტესობამ ვერ აუარა გვერდი ჯინსის თემას. ალბათ ამ პუბლიკაციის თავში უკვე გაეცანით ივ სენტ ლორანის გამონათქვამს. დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას: წელს მოდაშია ჯინსის რომელიმე მოდელი, მაგრამ საერთოდ არა მოდური ჯინსი არ არსებობს.
|