ქრთამი და მექრთამეობა უძველესი დროიდან მოჰყვება კაცობრიობას. მაგალითად, ძველ რომში ზოგიერთი იმპერატორის მართველობის დროს ქრთამის აღება ცხოვრების წესად იყო ქცეული. ეს წესი აგრეთვე მიღებული იყო ყველა იმ ქვეყნის მმართველთა კარზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს დაპყრობას და ვინაიდან ყველა რჯულის დამპყრობლისათვის ქრთამის აღებ-მიცემა ჩვეული მოვლენა იყო საქართველომაც ვერ აიცილა ეს სენი. ძველ ქართულ ტექსტებში გვხვვდება სიტყვა ”ქრთამი”,რაც ადასტურებს იმ დროინდელ საქართველოში ამ მოვლენის არსებობას.
მრავალი საუკუნის წინ უმეტეს სახელმწიფოებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის მოხელეების მიერ კანონით დაუდგენელი გასამრჯელოს (ანუ ქრთამის) მიღება ჩვეულ ნორმად იყო აღიარებული. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად მეფისნაცვალი და მისი ჩინოვნიკები არ ღებულობდნენ ჯამაგირს ხაზინიდან და საკუთარი თავის რჩენაზე თავადვე უნდა ეზრუნათ. მათი შენახვა უშუალოდ იმ რეგიონის მოსახლეობის ხარჯზე ხდებოდა, რომელშიც ისინი მეფის სამსახურს ეწეოდნენ. სახელმწიფო მოხელეების ”რჩენის” ამგვარი პრაქტიკა ხშირად დიდ პრობლემებს უქმნიდა ქვეყნის მმართველებსაც, ამის გამო ჩინოვნიკების გადამეტებული მადის შეზღუდვის მიზნით ისინი სხვა და სხვა ზომებს მიმართავდნენ.
მე XII საუკუნეში ქართველებმაც იცოდნენ სიტყვა ქრთამი. მას ორგვარი მნიშვნელობა გააჩნდა: ერთი, თანამედროვე აღქმით - კორუფციას, მეორე კი საბოძვარს ნიშნავდა. მართალია, რუსთველოლოგები კამათობენ ვეფხისტყაოსანის ამ მონაკვეთზე, მაგრამ მაინც გავიხსენოთ სტრიქონები, სადაც ავთანდილი ეუბნება ვაზირს: “ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”, რაზეც ვეზირი პასუხობს: “ქრთამი შენ გქონდეს, შენია”.
საუკუნეების განმავლობაში მექრთამეობამ მრავალი მეტამორფოზა განიცადა და მის მიმართ ქვეყნები განსხვავებული სიმკაცრის სასჯელს იყენებდნენ და იყენებენ დღესაც. ამ მხრივ საინტერესოა რუსეთში მექრთამეობასთან ბრძოლის ისტორია: 1556 წელს მეფე ივანე მრისხანეს დროს ქვეყანაში ოფიციალურად აიკრძალა სახელმწიფო მოხელეების ”რჩენის” პრაქტიკა. მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ მრისხანეს სახელით ცნობილმა მეფემ მხოლოდ მექრთამეობაში გადამეტებისთვის შემოიღო სიკვდილით დასჯა. იმის გამო, რომ პეტრე პირველის დროს მოხელეებს უკვე უხდიდნენ ფიქსირებულ ჯამაგირს, ნებისმიერი ფორმით ქრთამის აღება ითვლებოდა დანაშაულად. მაგალითად, კორუფციაში მხილებული ციმბირის გუბერნატორი გაგარინი ჩამოახრჩვეს, ხოლო პეტრეს ფავორიტი თავადი მენშიკოვი ისევ თვით მეფის წყალობით გადაურჩა ციმბირში გადასახლებას. ეკატერინე II მექრთამეებს უფრო ლმობიერად ექცეოდა. მან აკრძალა ქრთამის აღება, მაგრამ მექრთამეებს არ სჯიდა და მხოლოდ საჯაროდ აქვეყნებდა მათ სახელებს.
• დღეისათვის ქრთამის აღებისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი, სიკვდილით დასჯა, მოქმედებს თანამედროვე კომუნისტურ ქვეყნებში - კუბაში და ჩინეთში. და თუ კუბაში, ეროვნული ტრადიციებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, მაინც უფრო ლმობიერად უდგებიან ქრთამის აღების მოვლენას, ჩინეთში კანონის ამ სახის დარღვავასთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში 10 ათასი ჩინოვნიკი დახვრიტეს. • დიდ ბრიტანეთში მექრთამეობასთან ბრძოლისათვის ორი კანონი მოქმედებს. მექრთამეს უსჯიან პატიმრობას ან ქრთამის მოცულობის თანხის გადახდას, გარდა ამისა შვიდი წლის განმავლობაში ის კარგავს საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის ან არჩევის უფლებას. განმეორებითი სასჯელის შემთხვევაში დამნაშავე ამ უფლებას კარგავს სამუდამოთ და მას ჩამოერთმევა ყოველგვარი კომპენსაციის ან პენსიის მიღების ყველა უფლება. • ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა ითვალისწინებს ქრთამის თანხის სამმაგი ოდენობით ჯარიმის გადახდას ან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სასამართლომ ერთდროულად შეიძლება გამოიყენოს ორივე სასჯელი. • იტალიაში ამ სახის დანაშაული ისჯება 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. • საფრანგეთში სამრეწველო ან კომერციული საწარმოების ხელმძღვანელებს ან მოსამსახურეებს ქრთამის აღებისთვის შეიძლება მიუსაჯონ 7 წლამდე, ხოლო თანამდებობის პირებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. სასჯელი ორმაგდება თუ დამნაშავის ქმედებას მოჰყვა სერიოზული შედეგი. • გერმანიაში ქრთამის ამღებს სჯიან ჯარიმით და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე დანაშაულისთვის მოსამართლეს გამოუტანენ 10 წლამდე განაჩენს. • ფინეთში ქრთამისათვის შეიძლება მიუსაჯონ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა ჩინოვნიკს შეიძლება აუკრძალონ გარკვეული თანამდებობების დაკავება. თუ გაგაჩნიათ ძველი ისტორიიდან ან თანამედროვე პრაქტიკიდან საინტერესო მაგალითები შეავსეთ ეს პუბლიკაცია.
|