ზოგიერთ ბავშვს წერის ან კითხვის შესწავლის საწყის ეტაპზე გართულებები ექმნბა. მშობელთა ნაწილში ეს დიდ განცდებსა და ნერვულობას.იწვევს .ხოლო
მეორე ნაწილს და ზოგ პედაგოგს მიაჩნია, რომ წერის
დროს დაშვებული შეცდომები, განპირობებულია ბავშვის უყურადღებობით, სამუშაოს შესრულებაში დაუდევრობაით და ა.შ. სპეციალისტების აზრით კი პრობლემა უფრო მნიშვნელოვანია და ის
სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ მასალაში
(”დისლექსია და დისგრაფია - უცნაური მოვლენა ბავშვის განვითარებაში”) მოგაწოდეთ ინფორმაცია დისლექსიის თაობაზე. ამჯერად საუბარი
გვექნება ისეთ მოვლენაზე, როგორიცაა დისგრაფია. მოდით ერთად გავარკვიოთ
რასთან გვაქვს საქმე. დისგრაფიის თაობაზე ვიკიპედიაში შეგიძლიათ იხილოთ ასეთი განმარტება: ”დისგრაფია (ბერძნ. δυσ „დის“ — დასუსტებული; γραφος „გრაფოს“ — წერა), აგრეთვე აგრაფია (ბერძნ. α — უარყოფითი ნაწილაკი) არის წერის უნარის დარღვევა, რომელიც არაა დაკავშირებული ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან.” აღნიშნულ განმარტებას შეიძლება დავამატოთ, რომ დისგრაფით გამოწვეული შეცდომები არ არიან დაკავშირებული არა მხოლოდ ინტელექტუალური განვითარების შენელებასთან, არამედ არც სმენისა და მხედველობის უმნიშვნელო დარღვევებთან და არც სასკოლო სწავლების რეგულარობასთან. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დისგრაფიას სერიოზულ საფუძველს უქმნის მეტყველების ფონეტიკურ - ფონემატიკური და ლექსიკურ - გრამატიკული განუვითარებლობა. დისგრაფიის ინდივიდუალური კორექციის მიზნით მეცნიერთა უმეტესობა გამოყოფს დისგრაფიის რამდენიმე ფორმას: • დისგრაფიის არტიკულაციურ - აკუსტიკური ფორმა, რომლის არსი გამოიხატება იმაში, რომ ბავშვი, რომელსაც გააჩნია დარღვევები ბგერების წარმოთქმაში, ამ არასწორ წარმოთქმას აფიქსირებს წერის დროსაც, ანუ წერს ისე, როგორც წარმოთქვამს. აქედან გამომდინარე ჯერ უნდა მოხდეს ბგერების წარმოთქმის კორექცია და ამის შემდეგ შესაძლებელია დისგრაფიის პრობლემის მოგვარება. • დისგრაფიის აკუსტიკური (ფონემატიკური) ფორმა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ბავშვი ახდენს ფონეტიკურად მსგავსი ბგერების შესატყვისი ასოების შეცვლას, ხოლო ზეპირმეტყველებაში ამ ბგერებს სწორად წარმოთქვამს. • ენობრივი ანალიზისა და სინთეზის ნიადაგზე წარმოქმნილი დისგრაფია, რომელიც ყველაზე ხშირია წერითმეტყველებაში დარღვევის მქონე ბავშვებში. ამ ფორმის დისგრაფიისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია შემდეგი შეცდომები: - ასოებისა და მარცვლების გამოტოვება; - ასოებისა და მარცვლების გადანაცვლება; - ასოებისა და მარცვლების განმეორება; - სიტყვის წერის დაუსრულებლობა; - სიტყვაში ზედმეტი ასოების წერა; - სიტყვაში სხვა სიტყვებიდან მარცვლების გადმოტანა, გამოყენება (კონტამინაცია)
• აგრამატიკული დისგრაფია. დაკავშირებულია მეტყველების გრამატიკული წყობის განუვითარებლობასთან, როდესაც ბავშვი წერს ვითომ გრამატიკის წესების საპირისპიროდ. ეს შეინიშნება ცალკეული სიტყვის, შესიტყვების, წინადადების და ტექსტის დონეზე. იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი უკვე დაეუფლა წერის ცოდნას და შეუდგა გრამატიკის წესების შესწავლას ის, მაგალითად, ვერ იყენებს არსებითი სახელების ბრუნვის წესებს. • ოპტიკური დისგრაფია. დისგრაფიის ამ ფორმის საფუძველს წარმოადგენს მხედველობით - სივრცობრივი წარმოდგენის და მხედველობითი ანალიზისა და სინთეზის არასაკმარისი ჩამოყალიბება. თუ ბავშვი ვერ აღიქვამს ასოებს შორის სხვაობას, ის ძნელად აითვისებს მათ მოხაზულობას და ასახვას წერის დროს. ყველაზე ხშირი შეცდომებია: - წერის პროცესში ასოების ელემენტების დაუსრულებლობა; - ზედმეტი ელემენტების დამატება; - ელემენტების გამოტოვება; - ასოების სარკისებურად ასახვა. • კინეტიკური დისგრაფია. ყველა სპეციალისტი ცალკე არ გამოყოფს ამ ფორმას, მაგრამ უმეტესობა აღნიშნავს წერის პროცესში თვალის მიდევნების მნიშვნელობას და იმას, რომ ბავშვების ნაწილს უჭირს ამის დაუფლება. გარდა ამისა კინეტიკური დისგრაფია ზოგჯერ განპირობებულია წერის დროს ხელის არასწორი მოძრაობით. • მეორადი (არასპეციფიკური) დისგრაფია. მეორადი ხასიათის დარღვევებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყურადღების კონცენტრაციის, გადართვის და გადანაწილების დეფიციტი. სმენითი და მეტყველებითი სუსტი მეხსიერება ხელს უშლის წაკითხული ტექსტის დამახსოვრებას და წერის დროს მის ასახვა - განმეორებას. კითხვისა და წერის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამის განხორციელების ტემპს. ბავშვები, რომლებიც ვერ ასწრებენ შემოთავაზებულ ტემპში წერასა და კითხვას, დავალების შესრულებისთვის აჩქარების გამო უშვებენ სხვა და სხვა სახის შეცდომებს. მაგრამ ტემპის შენელების შემთხვევაში იგივე ბავშვები საკმაოდ კარგად კითხულობენ და წერენ.
პატივცემულო მშობლებო, ამ მოვლენის დაძლევა არ იწყება სკოლაში, როდესაც დისლექსიის და დისგრაფიის ყველა პრობლემა უკვე აშკარად არის გამოკვეთილი, ეს პროცესი ჯერ კიდე სკოლამდელ პერიოდშია დასაწყები, იქამდე სანამ ბავშვი დაიწყებს წერა - კითხვის შესწავლას. დისგრაფიის ადრეული პროფილაქტიკისთვის საჭიროა ბავშვში იმ ფსიქიკური ფუნქციების განვითარება, რომლებიც აუცილებელია სწავლისათვის. იმისთვის, რომ გამოირიცხოს პრობლემის არასწორი, მცდარი გარკვევა და დასკვნების გამოტანა, საჭიროა კვალიფიცირებულ სპეციალისტთან კონსულტაცია, მისი რჩევის გათვალისწინებით ვეცადოთ ბავშვისთვის დახმარების გაწევა. ეს პრობლემა გადაულახავი არ არის და მისი დაძლევის პროცესი რთული არ იქნება. |