თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ გააუქმა უცხოელებისთვის უნივერსიტეტებში ჩაბარების სავალდებულო გამოცდები. საბჭოს თავჯდომარემ იუსუფ ზია ოზკანმა (Yusuf Ziya Özcan) განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უცხოელი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვნად გამარტივდეს თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა, რაც, მისი აზრით, უფრო მიმზიდველს გახდის განათლების მიღებას თურქეთში.
დიდი რაოდენობის უმაღლესი სასწავლებლების გახსნის შედეგად თურქეთმა უკანასკნელ წლებში განათლების ამ სფეროს განვითარების თვალსაზრისით გადადგა სერიოზული ნაბიჯები. დღეს თურქეთში 141 უნივერსიტეტია, მათგან 60 გაიხსნა უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში. უახლოეს დროში სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ბურსაში, კონიაში, კაისერიში და ერზერუმში უნდა გაიხსნას შვიდი ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ჯამილ ჩიჩეკმა - ამისთვის საჭიროა მხოლოდ იურიდიული ფორმალურობების დასრულება და დოკუმენტებზე მინისტრების ხელმოწერები.
|