ყოველი მეორე უცხოელი სტუდენტი დიპლომის მიღებამდე წყვეტს განათლების მიღებას გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში. განსაკუთრებულად ეს შეინიშნება აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასულ სტუდენტთა შორის. ექსპერტთა განმარტებით ამგვარი მოვლენა განპირობებულია კულტურული სხვაობებითა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობის უყურადღებობით.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გერმანის უმაღლესი სასწავლებლების ერთიანი საინფორმაციო სამსახურის (HIS) თანამშრომლები, რომლებმაც გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის (DAAD) შეკვეთით ჩაატარეს სტატისტიკური კვლევა. ერთიანი საინფორმაციო სამსახურის (HIS) თანამშრომელმა ულრიხ ხოიბლიანმა განაცხადა, რომ „ვადამდელი გასვლების პროცენტი საგანგაშოა. რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გერმანიის რეპუტაციას მის საზღვრებს გარეთ, ვინაიდან ეს სტუდენტები - „ხიდების მშენებლები“ არიან დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში“. უცხოელთა ცხოვრებისა და სწავლების თაობაზე ყველაზე ზუსტი ინფორმაცია გააჩნია გერმანიის უნივერსიტეტების უცხოელ სტუდენტთა საქმეების განყოფილებების მუშაკებს და მათთან მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. კიოლნის სტუდენტთა კათოლიკური საზოგადოების წარმომადგენლის ბერნხარდ ესსერის დასკვით: „ხშირად უცხოელი სტუდენტები დავიწყებულად და დისკრიმინირებულად გრძნობენ თავს“. ამის გამო კულტურულ - საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელსაც ის წარმოადგენს, უცხოელ სტუდენტებს უწევს მიზნობრივ ფსიქოლოგიურ დახმარებას.
სპეციალისტთა ნაწილის აზრით სხვა ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტების პრობლემები გარკვეულ წილად გამოწვეულია გერმანიის განათლების სისტემასთან მათი შეუთავსებლობით. მაგალითად, არსებულ სისტემას ძნელად ეგუებიან ჩინელები, რომლებიც უცხოელ სტუდენტთა საერთო რაოდენობის მეათედს წარმოადგენენ. „ ჩინელი სტუდენტები მიღების საათებში არ მიდიან და არ მიმართავენ პროფესორებს საკუთარი შეკითხვებით, ვინაიდან ამგვარი პრაქტიკა ჩინეთში დაუშვებელია. იქ მასწავლებლები თვითონ იბარებენ სტუდენტებს“ - აცხადებს ულრიხ ხოიბლიაინი. „ისინი აცდენენ გამოცდებს, მათ არ იციან, რომ ამისთვის წინასწარ და დამოუკიდებლად უნდა ჩაეწერონ, აცდენენ სემესტრის დასაწყისს, ვინაიდან მათ არ აცნობეს დაწყების თაობაზე.“
DAAD - ის თანამშრომელი რაინხოლდ ბილლშტეინი აღნიშნავს, რომ „სტუდენტების ნაწილი გაზრდილია ავტორიტარულ საზოგადოებრივ სისტემებში და ისინი სწავლების სხვა კულტურას არიან მიჩვეულები. სასწავლო გეგმის დამოუკიდებლად შედგენა ან სემინარზე თავისუფალი დისკუსია მათთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს“.
ჰემნიცის უნივერსიტეტში ჩატარებული დაკვირვებით, უცხოელები ერთიანდებიან ეთნიკურ ჯგუფებში. ამის გამო მათი დიდი ნაწილი (43%) ყოველდღიურად მხოლოდ მშობლიურ ენაზე მეტყველებს და ნაკლებად (მხოლოდ 34%) ურთიერთობს გერმანელ თანატოლებთან, რაც თავის თავად უარყოფითად მოქმედებს გერმანული ენის ცოდნაზეც. ასეთ ქცევას ისინი იმით განმარტავენ, რომ გერმანელი სტუდენტები ქედმაღლები არიან და უარყოფენ უცხოელებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას.
|