განათლებისა და მეცინერების სამინისტრო სკოლებში სიახლეების დანერგვას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. ერთ-ერთი მთავარი სიახლე სკოლების საშტატო განრიგების დამტკიცებაა, რამაც სკოლების დირექტორებში მღელვარება გამოიწვია. "ინტერპრესნიუსი" დაგეგმილი სიახლეების და რეფორმების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს ესაუბრა:
- ბატონო დიმიტრი, სკოლებში დაგეგმილი საშტატო ცვლილებების შესახებ ინფორმაციამ სკოლების ადმინისტრაციებისა და დირექტორების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. კონკრეტულად რა იგეგმება და როგორ მოხდება საშტატო განრიგების დამტკიცება?
- რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლების საშტატო განრიგი საერთოდ არ მტკიცდებოდა, რაც რეალურად კანონის დარღვევაა. ნებისმიერ კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურაში საშტატო განრიგი დამტკიცებული უნდა იყოს. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ და სკოლების დირექტორებს ვთხოვეთ, წარმოადგინონ საშტატო განრიგები, რათა შევძლოთ მასწავლებლების ხელფასების მომატება. თბილისში პროცესი უკვე დაიწყო, ხოლო რეგიონები 20 ივნისიდან დაიწყებენ. 1-ელ აგვისტომდე კი პროცესი დასრულდება.
მასწავლებლის სრული განაკვეთი 18 საათია. ხოლო ზედმეტ საათებში მუშაობას პედაგოგს სახელმწიფო არ უნაზღაურებს. ბევრ სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებსაც მაგალითად, მათემატიკაში ან ქართულ ენაში 23 ან 21, ზოგს კი მხოლოდ 15 საათი აქვს. ჩვენ ვთხოვეთ დირექტორებს, საათები ისე გადანაწილდეს, რომ მასწავლებლებმა სრული განაკვეთი და, შესაბამისად, მეტი ხელფასი მიიღონ. ჩვენი თხოვნა იყო, პირველ რიგში მიეცათ მასწავლებლებისთვის შესაძლებლობა, სრული განაკვეთის 18 საათი აეღოთ. ამის შემდეგ კი, ნაკლები საათობრივი დატვირთვა წარმოედგინათ. ეს ჩვენი თხოვნა ზოგმა ე.წ. ექსპერტმა ბოროტად გამოიყენა და თქვეს, რომ 18 საათზე ნაკლები დატვირთვა სკოლებში აღარ იქნებოდა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ტყუილია. ამგვარი ცვლილება რეალურად შეუძლებელია, რადგან არსებობს საგნები, რომლებსაც კვირაში მხოლოდ 5 საათი ეთმობა.
დირექტორებმა თითოეულ შემთხვევაში უნდა დაასაბუთონ, რომ ესა თუ ის თანამშრომელი კონკრეტული საათების განმავლობაში სჭირდებათ. ამავდროულად დირექტორები გავაფრთხილეთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ადმინისტრაციებს. ჩვენ გადავხედეთ სასკოლო საშტატო განრიგებს და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში სკოლებში თანამდებობების 115 სახეობა არსებობს. მათ შორის სახელდებიან მთვლელები, რომლებიც არ ვიცი, რას ითვლიან და ხელფასი 500 ლარი აქვთ, ასევე მეტაბელეები, რაც ასევე დიდი სიურპრიზია ჩემთვის. ზოგ სკოლაში თითქმის იურიდიული ფაკულტეტი აქვთ გახსნილი, ზოგ სკოლას კი მებაღე-დეკორატორი ჰყავს. ბევრი ბიზნეს-კომპანია ვიცი, რომლებსაც მებაღე-დეკორატორი არ ჰყავს. არის შემთხვევები, რომ სკოლის 80 თანამშრომლიდან 40 მასწავლებელია, 40 კი ადმინისტრაციის თანამშრომელი, რაც დაუშვებელია. მასწავლებელს უნდა მივცეთ ხელფასის მიღების შესაძლებლობა. სწორედ ამისთვის დაიწყო ეს პროცესი და არა იმისთვის, რომ სკოლებში მთვლელები თუ მეტაბელეები იყვნენ. ჩვენ ვაუჩერული დაფინანსება გვაქვს და აქედან გამომდინარე, მათი ხელფასები მასწავლებლების ხელფასებზე გადანაწილდება. მაგალითისთვის, ერთ-ერთი სკოლის საშტატო განრიგს თავად გავეცანი და აღმოჩნდა, რომ მთვლელებისა და მეტაბელეების ხარჯზე შესაძლებელია მასწავლებლების ხელფასების 500 ლარამდე გაზრდა. ამ სკოლის დირექტორი ადეკვატურად მოეკიდა ამ საკითხს და თავად დაალაგა ეს ყველაფერი.
- ასევე იგეგმება სკოლების ბრენდირების დაწყება. რა კრიტერიუმებით მოხდება სკოლებისთვის ქულების ანუ ვარსკვლავების მინიჭება?
- ბრენდირების მიზანია, სკოლების სამართლიანად წახალისება მოხდეს. მსმენია მოსაზრება, რომ შედეგად გაიზრდება კონკურენცია და ესა თუ ის სკოლა დამარცხებული აღმოჩნდეს. დიახ, კონკურენცია იქნება, მაგრამ შედეგი სწორედ კონკურენციას მოაქვს. ჩვენს ქვეყანში არსებობს სტერეოტიპი, რომ ცენტრალურ უბნებში საუკეთესო სკოლებია და მშობლებს სურთ ამ სკოლებში ატარონ ბავშვები, მაგრამ გარეუბნებშიც ძალიან ბევრი კარგი სკოლაა. ჩვენ ეს ინფორმაცია მშობლებს უნდა მივაწოდოთ, რათა გადაწყვიტონ, თუ სად ისწავლონ მათმა შვილებმა. ბრენდირების კომპონენტებს შორის არის, რა თქმა უნდა, მასწავლებლების კვალიფიკაცია, ოლიმპიადებში მოსწავლეების მონაწილეობის დონე, სთავაზობს თუ არა სკოლა მოსწავლეებს ახალ სერვისებს. შესაძლოა, ერთ სკოლას არ ჰქონდეს აუზი, მაგრამ ჰქონდეს კარგი ბიბლიოთეკა და ეს ერთმანეთს დააბალანსებს. სკოლებს გაუჩნდებათ სტიმული, რომ სიახლეები მუდმივად დანერგონ.
- როგორ ფიქრობთ, თბილისში 10 ვარსკვლავი რამდენმა სკოლამ შეიძლება მიიღოს?
- ამგვარი სკოლა თბილისში ამ დროისთვის შეიძლება 5-დან 10-მდე იყოს, მაგრამ მთელი ეს პროცესი იმისთვის მიმდინარეობს, რომ ასეთი დონის სკოლების რაოდენობა მუდმივად გაიზარდოს. 10-ვარსკვლავიანი სკოლა გაუთანაბრდება აკრედიტებულ სკოლას. მომავალი წლიდან ჩვენ ამგვარი სკოლების მიერ გაცემულ ატესტატს ვაღიარებთ. ეს ნიშნავს, რომ ამ სკოლაში სწავლების დონე იმდენად მაღალია და გამოცდები იმდენად კარგად ტარდება, რომ სკოლას ვაძლევთ უფლებას, ბავშვების ატესტაცია თავად ჩაატაროს. თუ სკოლა ამ უფლებას ბოროტად გამოიყენებს, ამ სიიდან მაშინვე ამოვარდება.
- რამდენი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ წელს აბიტურიენტებს?
- წელს აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება 4 საგანში მოუწევთ: უნარ-ჩვევები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთ-ერთი მაპროფილებელი საგანი. საატესტატო გამოცდები 2011 წელს დაიწყება და გამოცდები ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკაში, გეოგრაფიაში, ისტორიასა და უცხო ენაში. საერთო ჯამში აბიტურიენტს უმაღლეს სასწავლებელში 10 საგნის ჩაბარება მოუწევს, მათ შორის უნარ-ჩვევების.
- რამდენიმე სკოლაში უკვე შეიყვანეთ მანდატურები. გამოიკვეთა თუ არა უკვე რაიმე შედეგი და როგორია ტენდენცია?
- საკმაოდ წარმატებული შედეგი გვაქვს. 7 სკოლაში, სადაც მანდატურები შევიყვანეთ, ფიზიკური დაპირისპირების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და გაიზარდა დასწრება. ანუ, პირობითად, თუ სკოლაში არ დადიოდა 100 ბავშვი, ეს რაოდენობა შემცირდა 90%-ით, ასევე შემცირდა დაგვიანებების რაოდენობა. ამიტომ სექტემბრიდან თბილისისა და ბათუმის ყველა სკოლაში შევლენ მანდატურები და ამჟამად მათი ტრენინგები მიმდინარეობს. მეორე ეტაპზე მანდატურები ასევე შევლენ ქუთაისის, ფოთისა და სხვა დიდი ქალაქების სკოლებში. ამასთან, თბილისისა და ბათუმის სკოლებში გაკეთდება უსაფრთხოების ზონები. კერძოდ, სკოლაში დაყენდება სათვალთვალო კამერები, რომელთა საშუალებითაც გაკონტროლდება დერეფნები და ეზოები. საკლასო ოთახებში კი არანაირი კამერები არ იქნება. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია, რომელიც სამინისტროს მიერ დაზოგილი თანხებით დაფინანსდება.
- სამინისტროს მიმართ საკმაოდ მწვავე პრეტენზიები აქვს პედაგოგების პროფკავშირებს. კერძოდ, ისინი თქვენს უწყებას სკოლებსა და რესურსცენტრებზე იმ მიზნით ზეწოლაში ადანაშაულებენ, რომ პროფკავშირებს საწევრო თანხა არ გადაურიცხონ.
- ჩვენი სამინისტრო პროფკავშირებთან თანამშრომლობს და ამის მაგალითი დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართული კონფერენციაც არის, რომელიც სწორედ პროფკავშირების ორგანიზებულია. პროფკავშირების საქმიანობაში არასოდეს ვერევით. მათ მხოლოდ ის ვთხოვეთ, რომ სკოლის ბუღალტერიის მიერ ფულის გადარიცხვის მოთხოვნისას, თავად პროფკავშირის წევრმა უნდა დაწეროს განცხადება ხელფასიდან საწევროს გადარიცხვის თანხმობის შესახებ და ჩვენს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება. იმისთვის, რომ ჩვენ რომელიმე მასწავლებლის ხელაფსიდან პროფკავშირს საწევრო თანხა გადავურიცხოთ, თავად ამ ადამიანის ნებართვა გვჭირდება. პროფკავშირს კი სურს, რომ ეს თანხები მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე გადაირიცხოს. ეს კი ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის რეკეტია. აქ საუბარია 1,5 მილიონ ლარზე, რაც მცირე თანხა არ არის.
- როგორც ვიცით, ასევე იწყება მასწავლებლების საატესტაციო გამოცდები. ამ ეტაპზე გამოცდის ჩაბარება ნებაყოფლობითია. ხომ არ იგეგმება, რომ გამოცდაზე გასვლა ყველა მასწავლებლისთვის სავალდებულო გახდეს?
- პირველი გამოცდები მასწავლებლებისთვის ივლისში ჩატარდება. პედაგოგები აბარებენ გამოცდებს უნარებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში. ამ ყველაფრის მოსამზადებლად ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა. გამოცდების ჩაბარების შემდეგ მასწავლებლების ხელფასები დანამატების საშუალებით გაიზრდება. პოტენციურად ამ გამოცდებზე გასვლა 20 ათას მასწავლებელს შეეძლო, მაგრამ 15 ათასი დარეგისტრირდა. გამოცდები წელიწადში ორჯერ ჩატარდება და 4 წლის განმავლობაში ამ გამოცდებზე გასვლა ნებაყოფლობითი იქნება. 2014 წლისთვის კი ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს.
- ბოლოს შევეხოთ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და დირექტორების ეთიკის კოდექსს, რას ითვალისწინებს ეს?
- ეთიკის სამივე კოდექსი 1-ელ ივლისს მზად იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ კოდექსების საფუძველზე იქმნება სკოლის შინაგანაწესი. კოდექსებში ისეთი ნორმები ჩაიდო, რომლებიც სრულიად მისაღები და ობიექტურია. მაგალითად, არ შეიძლება, მასწავლებელმა აწარმოოს სკოლაში პოლიტიკური ან რელიგიური პროპაგანდა, გამოიყენოს საკუთარი სტატუსი იმისთვის, რომ მოსწავლე კერძო საქმეზე გაგზავნოს. მაგალითად, მანდატურებმა დააფიქსირეს შემთხვევა, როცა მასწავლებლის დავალებით მოსწავლეებმა საფლავზე გვირგვინი მიიტანეს. ასევე, არ შეიძლება მოსწავლემ გაკვეთილზე "აიპოდს" მოუსმინოს ან ტელეფონზე ისაუბროს, მასწავლებელმა მოსწავლეების წინაშე სიგარეტი მოწიოს, დირექტორმა მასწავლებელს კაბის სიგრძე დაუწესოს და ასე შემდეგ.
"ინტერპრესნიუსი"
მანანა მჭედლიშვილი |