საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი პორტალის www.buki.ge პრეზენტაცია გაიმართა, აქვე მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №1 ექსპერიმენტული სკოლის 50 პირველკლასელსა და მათ მშობლებს ნეტბუქი ”ბუკი” წარუდგენა. 2010 წლის სექტემბერიდან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ბათუმის, ზუგდიდისა და წეროვნის სკოლებში, ასევე სამ-სამ საპილოტო სკოლაში ქუთაისსა და თბილისში ახალი პროექტი ამოქმედდება და მის ფარგლებში ზემოაღნიშნული სკოლების პირველკლასელებს ნეტბუქები საჩუქრად გადაეცემათ.
თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების პროგრამის ფარგლებში შექმნა სამინისტრომ ახალი პორტალი www.buki.ge, სადაც განთავსდება სასწავლო-შემეცნებითი თამაშები, სახელმძღვანელოებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების ელექტრონული ვერსიები, ინფორმაციები არაერთ მნიშვნელოვან თემაზე, დაინტერესებული პირები საიტის მეშვეობით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებს გაეცნობიან, რაც სწავლის პროცესს უფრო ინტერაქტიულსა და საინტერესოს გახდის.
რაც შეეხება მინი კომპიუტერს ”ბუკი”, რომელიც პირველკლასელებს გადაეცემათ, გაეროს ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზეა შექმნილი. იმისათვის, რომ ნეტბუქი ბავშვისთვის ადვილად გამოსაყენებელი ყოფილიყო მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპეტენტური სპეციალისტი მუშაობდა. ნეტბუქების შეტანა სკოლებში არ გულისხმობს სახელმძღვანელოების ხმარებიდან ამოღებას, კომპიუტერი იქნება მხოლოდ ინფორმაციის მიღების დამატებითი წყარო.
სექტემბერში კომპიუტერებს ის 3000-მდე პირველკლასელი და მათი პედაგოგები მიიღებენ, რომლებიც საპილოტე სკოლებში სწავლობენ. აგვისტოში ამ სკოლების მასწავლებლები სპეციალური მომზადების დაახლოებით ერთთვიან კურსებს გაივლიან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ კომპიუტერი სასწავლო პროცესში. კომპიუტერებში ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები უცხო ენაში, ქართულში, მათემატიკასა და ლოგიკაში. ჩატვირთული იქნება ასევე სხვა სასწავლო სახელმძღვანელოებიც, რაც იმათ, ვისაც ყიდვის საშუალება არა აქვთ, სახელმძღვანელოების უფასოდ გამოყენების საშუალებას მისცემს. გარდა სახელმძღვანელოებისა, კომპიუტერში ჩატვირთული იქნება დამხმარე ლიტერატურა.
ნეტბუქი, რომელსაც დამხარე ფუნქცია გააჩნია, სახელმძღვანელოსთან ერთად, ახალი სასწავლო წლიდან აქტიურად იქნება გამოყენებული სასწავლო პროცესში.
http://mes.gov.ge/content.php?id=1110〈=geo |