პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო ! ძვირფასო მომხმარებლებო !
პორტალი Education.ge თავიდანვე ყალიბდებოდა და დღესაც ფუნქციონირებს როგორც ხელმისაწვდომი, სასარგებლო, შემოქმედებითი პოტენციალის გამომჟღავნების პირობების მქონე, უფასო ინტერნეტ - რესურსი, რის გამოც მან უმოკლეს დროში მოიპოვა საკმაო პოპულარობა მოსწავლეთა, აბიტურიენტთა, სტუდენტთა, მშობელთა და პედაგოგთა გარკვეულ ნაწილში. სამწუხაროდ, ისევე როგორც ქართული ინტერნეტ სივრცის ზოგიერთი საიტი, პოპულარობის ზრდის ფონზე Education.ge -ც ვერ გადაურჩა ვირუსულ შეტევას. ეს შეტევა დააფიქსირა Google - ის სამსახურმა და ორი კვირის განმავლობაში პორტალზე შესვლის დროს მომხმარებელი ღებულობდა შეტყობინებას, რომ პორტალზე განთავსებულია მავნე კოდი. დიდი მადლიერებით უნდა აღვნიშნოთ, რომ საფრთხის გაჩენისთანავე გულშემატკივარი მომხმარებლებისგან მივიღეთ არაერთი კეთილმოსურნე შეტყობინება და სასარგებლო რჩევა. ჩვენი პორტალის მიმართ ყურადღების გამო ყველას გიხდით მადლობას და მის მუშაობაში შექმნილი დაბრკოლებების გამო ბოდიშს ვუხდით ყველა მომხმარებელს. აგრეთვე გვსურს გაცნობოთ, რომ www.spar.ge - ს სპეციალისტების კოლეგიალური თანადგომითა და დახმარებით დიდი ზიანის გარეშე დავძლიეთ ”ტროანის” ტიპის ვირუსის შემოტევის შედეგები. ამჟამად მავნე კოდები მოცილებულია პორტალიდან და ის უსაფრთხოა მოხმარებისათვის. შესაბამისი მიმართვა გაიგზავნა კომპანია Google-ს ოფისში. Google-ს მიერ ჩატარდა დამადასტურებელი გადამოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ მის მიერ მოიხსნა გამაფრთხილებელი შეტყობინება. გარდა ამისა მოთხოვნა დაცვის თაობაზე გაიგზავნა სერვერის მისამართითაც. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომხმარებელთა უმეტესი ნაწილისათვის კარგადაა ცნობილია, რომ, სამწუხაროდ, ვირუსების შექმნისა და გავრცელების ტექნოლოგიები ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებენ ანტივირუსული ტექნოლოგიების შექმნას, რის გამოც აბსოლუტურ გარანტიებს ვერ უზრუნველყოფს ვერავინ. ამის გათვალისწინებით გვსურს თხოვნით მივმართოთ მომხმარებლებს: პორტალის ყველა რესურსი კვლავ ღიაა თქვენთვის, ოღონდ მოდით ერთად გაუფრთხილდეთ მას, სხვა წყაროებიდან კოპირების მეშვეობით ნებისმიერი მასალისა თუ გამოსახულების გადმოტანის და პორტალზე ატვირთვის დროს დარწმუნდით, რომ თქვენი მასალა არ არის ვირუსის მატარებელი, ამისთვის გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამების შესაძლებლობები ან ბრაუზერების სერვისები. აგრეთვე მივმართავთ ვირუსების გავრცელების მოყვარულებს: Education.ge - არ არის არც აქტიური სარეკლამო და არც აგრესიულ კონკურენციაზე ორიენტირებული საიტი, მისი ამოცანაა - ყველა დაინტერესებული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი რესურსის შექნა. ჩვენი თხოვნაა - ხელს ნუ შეგვიშლით პორტალის დახვეწასა და განვითარებაში, პირიქით დაგვეხმარეთ ცივილური სივრცის შექმნაში. თქვენი მადლიერი იქნება პორტალის ყველა მომხმარებელი.
პორტალის Education.ge ადმინისტრაცია. |