ზოგადი უნარების ერთ სასწავლო საგნად ქცევა და მისი დაყოფა საგამოცდო ტესტის ფორმატის მსგავსად, ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებად დაუშვებელია. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სრულიად უცნობი და გაუგებარია ეს ტერმინები. კიდევ უფრო საგანგაშოა ”ზოგადი უნარების გაკვეთილზე” მოსწავლეთა ”მიღწევების შეფასება”.
გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ ზოგადი უნარების ტესტი ამოწმებს ლექსიკური მარაგის სიმდიდრეს, სინტაქსური კონსტრუქციების ცოდნას, რაოდენობებით, რიცხვებით ოპერირების უნარს და არა გავარჯიშებულობას ანალოგიების, წინადადების შევსებისა თუ მათემატიკური დავალებების ამოხსნაში. თუ მოზარდს ზოგადი განათლების მიღებით განვითარებული აქვს თანმიმდევრული მსჯელობის, ლოგიკური აზროვნების უნარი, ის წარმატებით გადაჭრის ყველა ამოცანას, დაძლევს ნებისმიერ პრობლემას არა მხოლოდ ერთ გამოცდაზე, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
ჩვენი მიზანი არ არის სხვადასხვა ავტორის უამრავი კრებულისა თუ სახელმძღვანელოს განხილვა და კრიტიკა, რომლებიც 2005 წლიდან გამოიცემა აბიტურიენტთათვის და, როგორც ახლახან აღმოვაჩინეთ, I - VI კლასების მოსწავლეთათვის.
ყურადღებას გავამახვილებთ იმ საკითხზე, რომ ზოგად უნარებში თითოეული დავალების შექმნა დიდ ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს მოითხოვს. ისმის კითხვა, აქვთ კი სხვადასხვა სახელმძღვანელოს ავტორებს შესაბამისი კომპეტენცია, რათა მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზონ, თუ მათ მიერ მომზადებული მასალა მხოლოდ რამდენიმე, თუნდაც ძალიან კომპეტენტური ადამიანის ცოდნას ეფუძნება და უგულებელყოფილია მეცნიერული სტანდარტით განსაზღვრული პროცედურები, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი დავალებების შესაქმნელად?
ვინაიდან ზოგადი უნარები, როგორც სასწავლო საგანი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არ არის, სასწავლო მასალის ხარისხზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პასუხისმგებელი არ არის.
ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ბავშვისთვის ზოგადი უნარების სპეციალურ საგნად სწვალებას სკოლებში, შეგიძლიათ ამ ბმულის საშუალებით იხილოთ.
წყარო: გამოცდების ეროვნული ცენტრი |