ახალი წლის დღესასწაულს ადამიანები ლამაზ და კეთილ ზღაპარს ამსგავსებენ. საახალწლო ღამის მომხიბვლელობას უკეთესობის იმედს, მშვიდობას, სიყვარულსა და ურთიერთ გაგებას უკავშირებენ. ამ დღესასწაულის აღნიშვნა ბევრ ადამიანს მარადიულ ტრადიციად მიაჩნია. მაგრამ მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით ეს ჩვეულება პირველად შუმერების უძველეს ცივილიზაციაში წარმოიშვა და მისი ისტორია ”მხოლოდ” 25 საუკუნეს ითვლის. თანამედროვე ევროპის ქვეყნებში ახალი წლის აღნიშვნას საშობაო დღესასწაული უსწრებს და ამიტომ სადღესასწაულო სამზადისი დეკემბრის დასაწყისიდან იწყება.
დათოვლილ ფინეთში ქრისტესშობა, რომელსაც 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ძირითადი დღესასწაულია, ხოლო ახალი წლის აღნიშვნა საშობაო დღესასწაულის განმეორებად იქცა. ოჯახი კვლავ იკრიბება გულუხვ, მრავალი კერძით გაწყობილ სუფრასთან. ფინელები გულიანათ ერთობიან. ახალი წლის ღამეს ყველა ცდილობს გაიგოს თუ რა მომავალი ელის მას მომავალ წელს. მკითხაობისთვის ადნობენ ცვილს და ასხავენ ცივ წყალში. თოვლის ბაბუა - Joulupukki ( გადაცმული ნათესავი ან მეზობელ) ბავშვებს ულოცავს ახალი წლის მოსვლას და ურიგებს საჩუქრებს, ხოლო ბავშვები მღერიან და ცეკვავენ.
საახალწლო ზეიმი განსაკუთრებულად შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს სანტა კლაუსის სამშობლოში - ლაპლანდიაში: უამრავი ნაძვის ხე მორთულია მოკაშკაშე სანთლებით, ჩირაღდნებით ხელში მთის ფერდობიდან ეშვებიან მოთხილამურეები, ამის შემდეგ ეწყობა ულამაზესი ფეიერვერკები. ღამის 12 საათისთვის ზეიმში მონაწილეობისთვის ირმებით ჩაბმული მარხილით მობრძანდება სანტა კლაუსი, რომელიც ყველას ულოცავს ახალი წლის დადგომას და ურიგებს საჩუქრებს. ადგილობრივი მაცხოვრებლები არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად გრძელ მაგიდასთან იკრიბებიან და იქ აგრძელებენ ზეიმს. სუფრა უბრალოდ არის გაწყობილი: მიირთმევენ ოჯახში დამზადებულ ლუდს, შებოლილ თევზს, შვიდი სახეობის ხმელ კვლიავიან ნამცხვარს, ხოლო დესერტად julekake-ს, ანუ ნაზუქეულ ჩამიჩიან და ლიმნიან ფუნთუშას.
|