ქრისტიანულ სამყაროში ქრისტესშობა ითვლება უდიდეს დღესასწაულად. ის მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ბევრ ქვეყანასა და ერს მისი აღნიშვნის საკუთარი, ხშირ შემთხვევაში განსხვავებული, ტრადიციები გააჩნია.
გერმანიაში უძველესი ტრადიციის შესაბამისად მეთერთმეტე თვის, თერთმეტი რიცხვის, თერთმეტ საათსა და თერთმეტ წუთზე იწყება საშობაო ზეიმების პერიოდი (Adventszeit), მას ”წელიწადის მეხუთე დრო” დაარქვეს. ლათინური სიტყვა «adventus» მოსვლას ნიშნავს, ანუ შობის დღეს ამ სამყაროში ქრისტეს მოსვლის მოლოდინს გულისხმობს. ადვენტის პირველ დღეს მშობლები შვილებს ადვენტის კალენდარს (Adventskalender) ჩუქნიან. ეს კალენდრები ქრისტესშობამდე დარჩენილი დღეების კლების პრინციპითაა შედგენილი. ყოველდღე ბავშვს შეუძლია გადაშალოს კალაენრის მორიგი ფურცელი და საჩუქრად მიიღოს ... - მაგალითად კამფეტი.
ამ პერიოდში, ანუ საშობაო სადღესასწაულო დღეებში, მთელი გერმანია წარმოადგენს ზღაპრულ, მრავალფეროვანი ფეერიული განათებებით მორთულ ქვეყანას, ხეები და შენობების ფასადები ცეცხლოვანი გირლანდებითაა განათებული, ხოლო ყველა სახლი დახვეწილადაა მორთული.
«Weihnachten» (ანუ შობა) უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია გერმანიაში. მთელ ქვეყანაში ქალაქების ძველ მოედნებზე ულამაზესი, გრანდიოზული ბაზრობები ეწყობა , რომლებზეც ათასობით ადამიანი იკრიბება. ბაზრობებზე სეირნობენ, ერთობიან, იძენენ საშობაო საჩუქრებს. ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და 1626 წლიდან ცნობილი საშობაო ბაზრობა ნიურნბერგში ტარდება. მრავალი საუკუნეა ნიურბერგის საზეიმოდ მორთულ მოედანზე საშობაო ბაზრობას ხსნის ოქროსფერ ფრთიანი ანგელოზი. ტრადიციულად მის როლს 16-19 წლის ასაკის ადგილობრივი მაცხოვრებელი გოგონა ასრულებს, რომლის სიმაღლე არ უნდა იყოს 160 სანტიმეტრზე ნაკლები. ყოველწლიურად ნიურბერგის ბაზრობაზე მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან 2 მილიონი ადამიანი ჩამოდის. ბაზრობის ორგანიზატორები ყოველთვის მათ ახალ-ახალ გართობებს ახვედრებენ. მაგალითად, ნაძვის ხის მოსართავი უძველესი სათამაშოების და კალენდრების (Adventskalender), საფოსტო ეტლების ან გლინტვეინის კათხების გამოფენებს. აქ იყიდება ცნობილი თაფლაკვერი, რომელსაც მრავალი ინგრედიენტით - ნიგვზით, შოკოლადით, თაფლითა და სპეციებით, პრაქტიკულად ფქვილის გარეშე ამზადებენ. აგრეთვე ნიურბერგში დღემდე შემორჩა უძველესი ტრადიცია: თუ ადამიანი ქალაქის ცენტრში განლაგებულ შადრევანზე დაატრიალებს ოქროსფერ წრეს და ჩაიფიქრებს ოცნებას, მისი ჩანაფიქრი აუცილებლად აღსრულდება. მრავალი საუკუნის განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციით საშობაო დღესასწაულის დღეებში გერმანიის კათოლიკურ მხარეებში, განსაკუთრებით ბავარიაში, ქუჩებში ეწყობა სამასკარადოდ გადაცმულთა პროცესიები.
საშობაო დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა - Heilige Abend. დილას სახლებში იდგმება ნაძვის ხე, რომელიც ტრადიციის შესაბამისად უნდა მოირთოს ხისგან დამზადებული სათამაშოებით, სანთლებითა და მინის ბურთულებით. ეკლესიიდან დაბრუნებისთანავე ბავშვები სირბილით მივარდებიან ხოლმე ნაძვის ხეს, მოძებნიან საჩუქრებს, სასწრაფოდ ხსნიან მათ ლამაზ შეფუთვასა და ყველას უზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს. ამის შემდეგ ოჯახი უსხდება სუფრას. საშობაო სუფრის ტრადიციული კერძებია: ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული თევზი ( ტრადიციულად - კობრი) სპეციალური სოუსით, კართოფილი კარაქით, დაბრაწული ვაშლი ვანილის სოუსით. მაგიდაზე ტრადიციულად დგამენ ვაშლით, კაკლით, ჩამიჩით სავსე ფერად ლანგარს. ითვლება, რომ როდესაც ადამიანი ვაშლს მოკბეჩს ის ბოროტებასა და სიკეთეს შეიგრძნობს, ხოლო თუ მოერევა კაკლის ნაჭუჭს და მიირთმევს კაკლის გულს - მას ეცოდინება რას ნიშნავს წინააღმდეგობის გადალახვა და წარმატების მიღწევა.
25 დეკემბერს ქრისტესშობის დღესასწაულის აღნიშვნა მშობლების (ან ბაბუა - ბებიის) სახლში გრძელდება. დღისით ახლობლები ერთად სეირნობენ. მერე იმართება დიდი სადილობა. სადილზე, როგორც წესია, მიირთმევენ შემწვარ ბატს (ზოგ მიწებში ღორის ხორცს მოშუშული კომბოსტოს გარნირით), საღამოს - ჩაისა და ტრადიციულ საშობაო ნამცხვარს (der Lebekuchen). ნათესავები ერთმანეთს ჩუქნიან საშობაო საჩუქრებს. ჩუქების რიტუალს გერმანელები «Bescherung» - ს უწოდებენ.
გარდა ამისა საშობაო პერიოდში გერმანელები სამი მეფის (ანუ მოგვების) დღესაც აღნიშნავენ. უძველესი დროდან არსებობს ტრადიციული თქმულება, ნიშანი: თუ ამ დღესასწაულის წინა საღამო მშვიდი და ნათელი იქნება - შემდგომ წელიწადში ბევრ ღვინოს დაამზადებენ. თუ მთვარე მზარდია - ფასებიც გაიზრდებიან, ხოლო თუ ნაკლულია - ყველაფერი გაიაფდება.
წყარო: www.saga.ua |