სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა მრავალმა კვლევამ დააფიქსირა, რომ ბრბოს, ხალხის მასის, საზოგადოების (პუბლიკის) და აუდიტორიის შორის განსხვავების დადგენის გარეშე შეუძლებელია მასობრივი შეკრების დედაარსის გაგება და, იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდი ამგვარ სიტუაციაში, არც კონკრეტულ გარემოებაში რეალური გარკვევა და არც შექმნილ ვითარებაში სწორი ორიენტაცია. რას წარმოადგენს განსაზღვრულ, შეზღუდულ სივრცეში გარკვეული მიზეზის გამო ხალხის დიდძალი თავმოყრა: ერთიანობას - კოლექტიურ უგუნურებას - თუ მასობრივ ილიუზიას ? საინტერესოა ამ საკითხებზე რა მოსაზრება გაგჩნიათ თქვენ ?
ტელეეკრანზე არაერთხელ გვინახია, მაგალითად, ინგლისელი ან იტალიელი ფეხბურთის გულშემატკივრების მასობრივი აბობოქრებული შეკრება, სხვა და სხვა ქვეყნებში გამართული სპონტანური, სტიქური საპროტესტო დემონსტრაცია, უდიდეს დარბაზებში, სტადიონებზე, თუ ღია ცის ქვეშ მოწყობილი როკ - მუსიკის გრანდიოზული კონცერტი, რომელზეც ”ფანები” ექსტაზში ვარდებიან. ეს კადრები ადამიანებში განსხვავებულ ემოციას ბადებენ. უმეტესობისთვის კარგად ნაცნობია მღელვარება, დისკომფორტი თუ ემოციური დაძაბულობა , რომელიც განუცდია, მაგალითად - მასობრივ ღონისძიებაზე, ბაზრობაზე, ხალხით სავსე ჰიპერმარკეტში, ან სტადიონის, საკონცერტო თუ კინო დარბაზიდან გამოსასვლელში. ბრბოში მოხვედრილი ადამიანი მის ნაწილად იქცევა, დაპყრობილია ემოციების სტიქიით, პრაქტიკულად ვერ ეწინააღმდეგება მას და იქცევა როგორც ყველა. ბრბო პიროვნებისთვის მთელ რიგ საფრთხეებს მოიცავს: პიროვნული ინდივიდუალურობის მოშლით დაწყებული და ფიზიკური საფრთხით დამთავრებული. თანამედროვე ისტორიიდან ხომ მრავალი ფაქტია ცნობილი როდესაც ბრბო დამანგრეველ ძალად გადაქცეულა.
ამ აზრის საწინააღმდეგოდ ისიც აღსანიშნავია, რომ ხალხის მასის, საზოგადოების დიდი შეკრება ყოველთვის არ წარმოშობს აგრესიას, არ ბადებს პანიკას და არ წარმოადგენს უმართავ სტიქიას. ბრბო ბრმად,ინსტინქტების დონეზე, ხოლო საზოგადოება გააზრებულად მოქმედებს. მაგალითად, თუ აღმოვჩნდით გრანდიოზულ ზეიმზე, სპორტულ თუ სხვა სახის დიდ ღონისძიებაზე ან კონცერტზე, სავალდებულო არ არის, რომ მთელი ენერგია უნდა წარვმართოთ მხოლოდ პირადი ინდივიდუალურობის შენარჩუნებაზე ან ჩავიკეტოთ საკუთარ სამყაროში თუ გამოვამჟღავნოთ საპროტესტო მუხტი და ა.შ. ხომ შეიძლება, რომ ზოგჯერ დავნებდეთ იმ ემოციურ აღტაცებას, რომელიც სუფევს გარშემო მყოფ ადამიანებში, მოვდუნდეთ და ვისიამოვნოთ.
მაგრამ თუ დაუბრუნდებით ბრბოს ფენომენზე მსჯელობას და მას განვიხილავთ როგორც დამოუკიდებელ ორგანიზმს, მისი ქცევა შეიძლება შევადაროთ ფსიქოტიურ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფის ქცევას.
მისი ზოგიერთი ძირითადი მახასიათებელია:
აზროვნების არალოგიკურობა.
ბრბოს ქმედება არ ექვემდებარება რაციონალურ განმარტებას და იმართება მხოლოდ ემოციური იმპულსებით, რომლებსაც ის ძალიან სწრაფად ავრცელებს საკუთარ შიდა სივრცეში. ამ ეფექტს ვნებათა სიმძაფრეს” უწოდებენ. ადამიანთა ამ სახის ერთობა მხოლოდ იმ დღისთვის არსებულით ცოცხლობს და არ უფიქრდება შედეგებს. მისი ამოცანაა დაიკმაყოფილოს ამ წუთიერი მოთხოვნილება - შეტევა, ან პირიქით გაქცევა, თუ კერპის შექმნა და მისი გაღმერთება.
ინფორმაციის ათვისების უუნარობა.
ნებისმიერი წარმოთქმული სიტყვა უმალვე, ადვილად იძენს რეალურ მოხაზულობას. მაგალითად, სიტყვამ ”გვიტევან” შეიძლება გამოიწვიოს ელვისებური რეაქცია პანიკის ან პირიქით აგრესიის სახით. ამ ვითარებაში არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, რომ რეალურად არავინ არც აპირებდა შეტევას და შესაძლოა, რომ ამ ამბის წამომძახებელს ეს უბრალოდ მოეჩვენა და მხოლოდ სიტყვამ ”გვიტევან” მოახდინა მასობრივი გალუცინაციის პროვოცირება.
განსჯის უუნარობა.
ამ სახის ადამიანების მასის დამოკიდებულება ინფორმაციის მიმართ ცალსახაა: ის ან ღებულობს, ან სრულიად უარყობს მას. ბრბოს განსაკუთრებულად ახასიათებს გარე ზეგავლენის ქვეშ მოქცევისკენ მიდრეკილება, მიმნდობობა, მას დაკარგული აქვს კრიტიკული მიდგომისა და აღქმის უნარი. ის, როგორც წესია, კონსერვატიული და კატეგორიულია, აბსოლუტურად ახალი რამ მისთვის მიუღებელია და ამიტომ ყოველთვის ირჩევს და მიდის უკვე კარგად ჩვეული გზით. ამ კატეგორიის მასას დასაწყისში რომც გააჩნდეს რამე სახის მოქმედების გეგმა, იმის შემდეგ როდესაც ის იქცევა ხროვად, როგორც წესია, ის კარგავს თავდაპირველ მიზნებს.
ბრბო - იმპულსურია, ცვალებადია, აგზნებადია, მისთვის დამახასიათებელია მხოლოდ ცალსახა და უკიდურესი ემოციები: გააფთრება, აღტაცების ექსტაზი ან პანიკა.
ექსტრემიზმისკენ მისწრაფება.
ბრბოს ყველა ძალა მიმართულია ნგრევისკენ. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები გარბიან გარე საფრთხისგან ისინი საშიშროებას უქმნიან საკუთარ თავს. ზიგმუნდ ფროიდის მიერ აღმოჩენილი სიკვდილის ინსტინქტი (ტანატოსი), რომ იტყვიან, თვლემს თითოეული ჩვენგანის სულის სიღრმეში. იმის გამო, რომ ბრბოს შიგნით წაშლილია უმეტესი სოციალური შეზღუდვა და აკრძალვა ტანატოსს ეძლევა გარეთ გაღწევის შესაძლებლობა. მცირე შედავებაც კი უმალვე იწვევს აგრესიას, დაბრკოლება - გამძვინვარებას. ამიტომ უფრო ადვილ აღიარებას პოულობენ უსამართლობაში მხილების, შურისძიების, განადგურებისა და ნგრევის იდეები. ბრბო ადვილად პოულობს თავის მტერს და ძალისხმევას აერთიანებს მის წინააღმდეგ. სიტყვა, მოწოდება - ”ჩვენ” და მისი აღქმა აძლიერებენ ერთიანობის შეგრძნებას. როდესაც მკვიდრდება და უკვე არსებობს მხოლოდ - ”ჩვენ”, ქრება პერსონალური პასუხისმგებლობა ქმედებაზე - არავინ არაფერში არ არის დამნაშავე.
წაიკითხეთ: ”ერთიანობა - თუ კოლექტიური უგუნურება? /ხედვა შიგნიდან/ ” |