გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. ცენტრი მოსწავლეების, მათი მშობლებისა და პედაგოგების საყურადღებოდ აცხადებს, რომ პრესის ჯიხურებში გასაყიდად გამოტანილ გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტესტებს შეცდომაში შეჰყავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და აბიტურიენტები.
„გამომცემლები და ავტორები მოსწავლეებს უჩენენ ცრუ მოლოდინს, თითქოს გამოცდისას მსგავს დავალებებზე მოუწევთ მუშაობა. გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ აღნიშნულ გამოცემებში („აბიტურიენტი“, „სასკოლო ტესტები“ და სხვა) გამოქვეყნებული ტესტების ხარისხსა და გამართულობაზე პასუხს არ აგებს. ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვისი შედგენილია ტესტურ დავალებათა ნიმუშები. აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეუძლიათ მოემზადონ იმ კრებულების დახმარებით, რომლებსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელიწადს ყველა საგნისთვის გამოსცემს“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებს, ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეებმა უნდა იხელმძღვანელონ „2011 წლის მოსწავლეთა საატესტაციო გამოცდების მინიმალური სტანდარტით“, რომელიც გამოქვეყნებულია გამოცდების ეროვნული ცენტრისა www.naec.ge და განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს www.mes.gov.ge ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.
გამოცდების ერონული ცენტრი აპრილში გეგმავს მასშტაბურ პრეტესტს, რომლის დროსაც სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა საგამოცდო საგანში ტესტური დავალებების მიღება და ვარჯიში შეეძლებათ. |