აბიტურიენტმა, რომელსაც სურს განაცხადში პროფესიული პროგრამ(ებ)ის მითითება, განაცხადი უნდა გააკეთოს 25 მარტამდე ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის წესების მიხედვით, ცნობარი.
აბიტურიენტმა, რომელმაც ინტერნეტით გაიარა რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სურს განაცხადში პროფესიული პროგრამების მითითებაც, 25 მარტამდე უნდა დაამატოს პროფესიული პროგრამები განაცხადს.
აბიტურიენტმა, რომელმაც ხელით შეავსო განაცხადის ფორმა, ძველი განაცხადი უნდა გააუქმოს და შეცვალოს ახლით. აბიტურიენტს უფლება აქვს განმეორებით განაცხადში მიუთითოს ხელახალი საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი და მასში გაითვალისწინოს პროფესიული პროგრამები აკადემიურ და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად. მითითებულმა პროფესიულმა, აკადემიურმა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობამ 7–ს არ უნდა გადააჭარბოს.
პროფესიული პროგრამა არის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე და სრულდება IV ან V საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებითა და მისი დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. პროგრამა აერთიანებს კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელ სასწავლო კურსებს/მოდულებს.
პროფესიული განათლების IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, პროფესიული ცოდნა გამოიყენოს ცვალებად სიტუაციებში წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად, ზედამხედველობა გაუწიოს სხვების საქმიანობას და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს შეფასებასა და გაუმჯობესებაზე;
პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს სხვათა სამუშაოს დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას, ასევე განხორციელებული სამუშაოს შეფასებასა და სრულყოფას.
პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგის საფუძველზე. საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტს შეუმოწმოს ცალკეული პროფესიული პროგრამის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციები. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიულ პროგრამას სპეციალურ პირობებში მითითებული აქვს ასეთი მოთხოვნა, აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე დადგენილ ვადაში უნდა მიმართოს საგანმანათლებლო დაწესებულებას და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მისაღებად აბიტურიენტმა უნდა მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას.
პროფესიული პროგრამები
წყარო: htp://naec.ge |