საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ცნობით 2011-2012 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მხოლოდ I-VI კლასებში იწყება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის (2011-2016 წწ) დანერგვა . 2011-2012 სასწავლო წელს I-VI კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ამოქმედებასთან ერთად, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ახალი, ხარისხიანი სახელმძღვანელოებით.
ცვლილებები, რომლებიც შესულია საათობრივ ბადეში, შეეხება მხოლოდ დაწყებით საფეხურს (I-VI კლასებს), ხოლო დანარჩენ (საბაზო, საშუალო) საფეხურებზე (შესაბამისად, VII-IX და X-XII კლასებში) სწავლება გაგრძელდება 2010-2011 სასწავლო წლის საათობრივი ბადის მიხედვით.
შენიშვნა: გამონაკლისს წარმოადგენს ახალი არჩევითი საგანი "მსოფლიო კულტურა", რომელმაც გაიარა პილოტირება. ამ ახალი არჩევითი საგნის დანერგვა დაიწყება 2011-2012 სასწავლო წლიდან სწავლების საშუალო საფეხურზე.
საქართველოს მასშტაბით, 30 სატრენინგო ცენტრში ივნისი-ივლისი-აგვიტოს თვეების განმავლობაში 8 000-ზე მეტი დაწყებითი საფეხურის პედაგოგი და 500 სკოლის დირექტორი გადამზადდება შემდეგი მიმართულებებით:
• ხუთი წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურებანი;
• ჩვენი საქართველო;
• ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
• ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოვლა-პატრონობა- ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული ნაწილი;
• ქართული ენა და ლიტერატურა;
• მათემატიკა;
• ინგლისური ენა;
• ბუნებისმეტყველება;
• მუსიკა;
• სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
• სპორტი;
• ინკლუზიური განათლება.
ცენტრის, მოწვეული ექსპერტებისა და ფსიქოლოგების მიერ შეიქმნა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგნობრივი გზამკვლევები, მასწავლებელთა ტრენინგ-მოდულები, მზადდება ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სხვა ხელშემწყობი მასალები.
2011-2012 სასწავლო წელს I-VI კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ამოქმედებასთან ერთად, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ახალი, ხარისხიანი სახელმძღვანელოებით: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ჩვენი საქართველო (V-VI კლასი) , მუსიკა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება (IV კლასი), ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (V-VI კლასი), რუსული, ინგლისური ენა.
ყველა სახელმძღვანელო/სერია შეფასდა „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებითა" და „სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრებით". ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. სასწავლო დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასარჩევი ექნებათ საგანში მთლიანი სერია (I-VI კლასები) და არა სახელმძღვანელო ცალკეული კლასისათვის.
წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი |