მოზარდის განვითარების პროცესში ეს პერიოდი ცნობილია, როგორც გარდამავალი ასაკი, რომლის დროს მიმდინარეობს ორგანიზმის გარდაქმნა, სქესობრივი მომწიფება. იწყება სწრაფი ზრდა, სხეულის მასის მომატება, სისტემებისა და ორგანოების ფუნქციების გააქტიურება.ზოგ შემთხვევაში ორგანიზმში მომხდარი ფიზიოლოგიური და ანატომიური ცვლილებები ასახვას პოულობენ კანის მდგომარეობაშიც. სწრაფად იზრდება ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია. კანი ხდება ზედმეტად ცხიმიანი, პრიალა. განსაკუთრებით ეს შეინიშნება ცხვირის,შუბლის,ნიკაპისა და ყურების ირგვლივ, აგრეთვე მკერდის და ზურგის ზედა ნაწილებში. ამის შედეგად კანს შესაძლოა შეეტყოს ოდნავი გაყვითლების ელფერი, ის ვითომდა უხეშდება, ჭუჭყიანდება და წითლდება. ფორები ამ დროს ფართოვდებიან და კანის ცხიმებმა შეიძლება ამოავსონ ისინი, რაც წარმოშობს ანთებითი პროცესების დაწყების პირობებს. ყველაზე ცხიმოვან ადგილებში ჩნდება შავი წერტილები შეწითლებული და მტკივნეული კვანძები, ჩირქოვანი გამონაყარები. მათ სიყმაწვილის თანმხლებ ნიშნებად მიიჩნევენ. მოზარდები ყველა ხერხით ცდილობენ მოიცილონ ისინი - ჩამოიფხიკონ, გამოიდინონ, დაფარონ კრემითა თუ პუდრით. ამის გაკეთება დაუშვებელია ის მხოლოდ აზიანებს კანს და ართულებს პროცესებს.
რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად არ გადის ამ ასაკობრივ პერიოდს და არ უწევს ამგვარი მოვლენისა და მის გამო განცდის გადატანა. მაგრამ თუ მოხდა ასეთი ხასიათის მოვლენა და სახის კანი გაღიზიანდა, ნუ შექმნით ამის გამო ტრაგედიას.თქვენ ხომ იცით,რომ ეს დროებითი უსიამოვნებაა და შესაბამისი მოთმინებისა და სათანადო ჰიგიენური რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში სწრაფადაც კი შესაძლებელია მათი თავიდან მოცილება. პირველი და ყველაზე ქმედითი რჩევაა - ზედმიწევნით დაიცვას სისუფთავე. კანის გაღიზიანების შემთხვევაში დილით და საღამოს კარგი ხარისხის საპონითა და თბილი წყლით მოიბანოს პირი. ამის შემდეგ მოიწმინდოს სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის გამოშვებული გამწმენდი ლოსიონით. იმ შემთხვევაში თუ კანი ზედმეტად მშრალი აქვს პირი დაიბანოს უსაპნოთ და მხოლოდ გრილი წყლით, შემდეგ გამოიყენოს შესაბამისი ლოსიონი. თუ გაუჩნდა შავი წერტილები ან მოწითალო კვანძები სასარგებლოა ორ კვირაში ერთხელ გაიწმინდოს სახის კანი. ამისთვის უნდა დაასველოს ბამბის ტამპონი თბილი წყლით,დასაპნოს და ჩააწოს საკვები სოდისა და მარილის ნაზავში, წრიული მოძრაობით კარგად მოიწმინდოს შუბლი, ცხვირი ნესტოების მიდამოში, ნიკაპი,ლოყები და შემდეგ მოიბანოს სახე თბილი წყლით. იმ შემთხვევაში თუ ”შინაური” საშუალებები არ იძლევიან სასურველ შედეგს აუცილებლად მიმართეთ ექიმს - კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს. ორიოდე სიტყვით თმისა და მისი მოვლის შესახებ. სუფთა და აკურატულად დავარცხნილი თმა ახალგაზრდის სახეს, მის გარეგნობას მატებენ მიმზიდველობასა და სილამაზეს. ცხიმიანი თმის დაბანა უმჯობესია სპეციალური შამპუნით ცხიმიანი თმისათვის 5 – 7 დღეში ერთხელ. თუ კი დაბანის შემდეგ 2 – 3 დღეში თმა ისევ ხდება ცხიმიანი, კვირაში 2 – 3 ჯერ დავარცხნის მიხედვით გადაუსვას ბორის მჟავის ახლად დამზადებული ხსნარი ( 1 ჩაის კოვზი ფხვნილი გააზავეთ ნახევარ ჭიქა ცხელ წყალში ) დაასველოს ხსნარით ტამპონი და გადაუსვას თმას ძირიდან დაბოლოებამდე. მშრალი თმა უკეთესია, რომ დაიბანოს 10 – 12 დღეში ერთხელ. უმჯობესია იხმაროს სპეციალური შამპუნი მშრალი თმებისთვის. საპნით, და მით უმეტეს სარეცხი საპნით, თავის დაბანა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ის ძალიან აშრობს კანს. ხშირია შემთხვევები, როდესაც 13-16 წლის ასაკიდან გოგონები ცდილობენ შეიღებონ თმა, წარბი,ტუჩები, ისარგებლონ არა შესატყვისი კოსმეტიკით. დაარწმუნეთ, რომ არ ღირს ამის დროზე ადრე გაკეთება, მოესწრება და მობეზრდება კიდევაც. ახალგაზრდული სინაზე და სიფაქიზე მშვენიერია თავისთავად, მას არ ესაჭიროება ხელოვნური შელამაზება. ახალგაზრდას თუ მოზარდს ამშვენებს სისუფთავე, სიკოხტავე და აკურატულობა. საღებავები კი არ ამშვენიერებენ, არამედ აბერებენ მის სახეს. ყმაწვილის სიკოხტავის ნიშანია - მოვლილი ხელები. არ დაავიწყოთ ფრჩხილების დროულად და აკურატულად მოჭრა. ხელის დაბანის შემდეგ ხელსახოცით ყოველთვის კარგად გაიმშრალეს ხელის კანი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაეწყება ქერცვლა და კანზე გაუჩნდება ბზარები.
თუ სერიოზულად ფიქრობს საკუთარი თავის მოვლაზე დაიმახსოვროს კიდე ერთი რჩევა: დიდი მნიშვნელობა აქვს მის კვებასა და რაციონს. ეცადოს მიირთვას მეტი ბოსტნეული და ხილი. შეზღუდოს შოკოლადის, ყავის, ძალიან ცხიმიანი, შებოლილი, ცხარე საკვების მიღება.
|